ფეხბურთი

1:35 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიას გოლი და ოქრიაშვილის წითელი ბარათი: "ანორთოსისი" ევროპა ლიგიდან გავარდა (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ევროპა ლიგის გათამაშებას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაემშვიდობა. თემურ ქეცბაიას გუნდი „სენტ იაკობს პარკზე“ „ბაზელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო.

დაძაბული საერთო ჯამში გამოდგა, ისე კი „ანორთოსისმა“ თამაში კატასტროფულად დაიწყო და 21-ე წუთზე 0:3 მარცხდებოდა. პირველი ტაიმის ბოლოს ბრგოჩის გოლით ქეცბაიას გუნდმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე კაცნაკლული დარჩა - თორნიკე ოქრიაშვილი გააძევეს. ქართველმა შემტევმა 50-ე წუთისთვის ორჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება და მოედანი ნაადრევად დატოვა.

67-ე წუთზე „ანორთოსისმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - გიორგი ქვილითაიამ კვიპროსულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა, პენალტი შეასრულა ზუსტად, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ფამაგუსტელებისთვის ეს მაქსიმუმი გამოდგა.

„ანორთოსისის" რიგებში გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმაც ითამაშეს (შეუცვლელად). ქეცბაიას შეგირდებისთვის ევროსეზონი სწრაფად დასრულდა და ახლა აქცენტის გაკეთება შიდა ასპარეზზე მოუწევს.

სამაგიეროდ პლეი-ოფში გავიდა ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“, რომელმაც ფრანგული „რეიმსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველი ფორვარდი ძირითადში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. პლეი-ოფის საგზური მოიპოვა ვარშავის „ლეგიამაც“, რომელმაც შინ კოსოვოს „დრიტა“ 2:0 დაამარცხა. პოლონელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, ვაკო გვილია კი მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა.

0.15136