ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ნახევარფინალში „მაიამი ჰიტმა“ „ბოსტონს“მეოთხე დაპირისპირებაში 112:109 აჯობა და სერიაში ანგარიში 3:1 გახადა.
თამაში ერიკ სპოელსტრას გუნდის უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევრის შემდგომ 6 ქულიანი სხვაობით იგებდნენ. თუმცა, „ბოსტონ სელტიკსმა“ მესამე პერიოდში სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, მატჩის გმირი კი ტაილერ ჰერო გახდა, რომელმაც გუნდს გამარჯვების ქულები მოუტანა.
20 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 37 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლით კი მხოლოდ ბემ ადებაიო გამოირჩა, რომელმაც 41 წუთში 20 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
„ბოსტონის“ შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტატუმი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. ამერიკელმა საკუთარ გუნდს 28 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი შესძინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „მაიამის“ შემადგენლობაში სულ 8 კალათბურთელმა ითამაშა, მათგან 4-მა კი 20 ქულაზე მეტი ჩააგდო. ამ გუნდებს შორის მე-5 დაპირისპირება 26 სექტემბერს გაიმართება.