ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა კაჭარავას პოზნანის ლეხი კვიპროსში ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა. ცნობისთვის, ეს, ის „აპოლონია“, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „საბურთალო“ 5:1 რომ გაანადგურა, ხოლო სამი დღის წინ კაჭარავას ყოფილი გუნდი „ანორთოსისი“ 3:1 რომ დაამარცხა...
პოლონელებმა კვიპროსელებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და ძალიან ადვილად მოუგეს. კაჭარავა თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ნიკამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ქუსლით პედრო ტიბას ჩინებული პასი გაუკეთა, მერე პორტუგალიელმა კიდევ უფრო ეფექტურად ითამაშა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლეხი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ბელგიური „შარლერუასა“ და ბელგრადის „პარტიზანის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, ნიკა კაჭარავა „ლეხში“ ცოტა ხნის წინ იჯარით გადავიდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში სულ მეორედ ითამაშა.