ჩოგბურთი

0:04 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა ანდრეესკუ საფრანგეთის ღიაზე არ ითამაშებს

კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ გამოაცხადა, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე არ ითამაშებს და საერთოდ, მიმდინარე სეზონშიც, კორტზე გამოსვლას არ გეგმავს. მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი გაცდენილ დროს, ტრავმების მოსაშუშებლად და სავარჯიშოდ გამოიყენებს.

ანდრეესკუმ აშშ-ის ღიაზე შარშან მოპოვებული ტიტული არ დაიცვა - ტურნირზე გამოსვლას, კორონავირუსის პანდემიის გამო, თავი აარიდა. ბოლოს მან WTA-ს შარშანდელ ფინალში ითამაშა, რომელსაც მუხლის ტრავმის მიზეზით გამოეთიშა. იგივე ტრავმა გახდა მიზეზი იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაც გამოტოვა.

„რთული გადაწყვეტილება მივიღე. თიხნარის სეზონს გამოვტოვებ და წლის დასრულებამდე აღარ ვითამაშებ. სამაგიეროდ, საკუთარ ჯანმრთელობას მივხედავ და თავისუფალ დროს ვარჯიშს დავუთმობ“, - ნათქვამია ანდრეესკუს განცხადებაში.

„მოუთმენლად ველი მომავალი სეზონის დაწყებას და ოლიმპიადას. სანამ ტურნირებს ვტოვებ, დროს საკუტარი თამაშის დახვეწას დავუთმობ. ასე რომ, კორტზე იმაზე უკეთეს ფორმაში დავუბრუნდები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ“, - დასძენს ანდრეესკუ.

0.137347