ფეხბურთი

21:31 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას თავის დახრის გამო ადანაშაულებენ: ქართველის ჟესტმა აჟიოტაჟი გამოიწვია (+VIDEO)

გიორგი ლორია კვიპროსში სკანდალში გაეხვა. „ანორთოსისის“ ქართველი მეკარე ეთიკისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეას პაპახარალამბუსმა დაადანაშაულა, რომელმაც ყურადღება „ანორთოსისი“ – „აპოლონის“ ბოლო მატჩზე გაამახვილა.

37-ე წუთზე ლორიას კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულებამდე ქართველი კიპერი თავს მარცხნივ ხრის, მეტოქეც იმავე კუთხეში ურტყამს და გოლი გადის, რადგან გიორგი მარჯვნივ გადახტა. პაპახარალამბუსის აზრით, ქართველმა ფეხბურთელმა „აპოლონის“ მოთამაშეს მინიშნება მისცა, რომ ბურთი იმ კუთხეში დაერტყა. რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვები, გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე დაწყებულია.

მომხდარ ინციდენტს „ანორთოსისი“ განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ, თუმცაღა, თავიანთი ფეხბურთელების უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებათ.

„ვგმობთ ყველა სასაცილო ბრალდებას, რომელიც ჩვენი კლუბის მიმართ გაჟღერდა. როგორ შეიძლება, რომ ბატონმა პაპახარალამბუსმა ამის შესახებ უკვე იცოდეს, როცა უეფას მინიმუმ 48 საათი სჭირდება ინფორმაციის შესაგროვებლად. ამიერიდან ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ და მთელი გუნდი, მენეჯმენტი, სტაფი და ფეხბურთელები ევროპა ლიგის მატჩზე ვართ კონცენტრირებული. ერთმნიშვნელოვნად ნდობას ვუცხადებთ ფეხბურთელებს, ყველას ვინც ჩვენი გუნდის სახელს იცავს. „ანორთოსისი“ პატივს სცემს ეთიკისა და სპორტის კომიტეტს და მზად ვართ ნებისმიერი ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობა მივიღოთ, კანონმდებლობის თანახმად. ამასთან, კლუბი იტოვებს ყველა სამართლებრივ უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ ლიმასოლის „აპოლონთან“ თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაწინაურება შეძლო, მაგრამ შემდეგ 3 უპასუხო გოლი გაუშა და სეზონში პირველად დამარცხდა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია არ გამართა, მხოლოდ ის თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა და დარბაზი დატოვა,ქართელი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო იყო. ფამაგუსტელებს 24 სექტემბერს, შვეიცარიულ „ბაზელთან“ ევროპა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ გასამართი.

0.126303