ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოედანზე მისი შეზღუდვა არ შეიძლება. გენიჩი არ დაეთანხმა იმ კრიტიკისაც, რომელიც ბოლო დროს 19 წლის ქართველის მიმართ ბურთის ზედმეტი ტარების გამო გაისმა.
გენიჩი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა ლეონიდ სლუცკის ხელში კიდევ უფრო მოუმატებს და მის პოტენციალში ეჭვი არ ეპარება:
„სლუცკის ადგილზე რომ ვიყო, ისეთ ფეხბურთელს, როგორც კვარაცხელიაა, არ შევზღუდავდი. რატომ უნდა შეზღუდო მოთამაშე, რომელსაც უდაოდ ძლიერი მხარეები აქვს? გასაგებია, ძალიან ეფექტურია, მაგრამ ზოგჯერ ნაკლებეფექტურიც. თუმცა, ის მოწინააღმდეგებს აღებინებს წითელ-ყვითელ ბარათებს, როგორც ეს იყო „სპარტაკთან“, რამდენიმე პენალტი მოიპოვა, გუნდისთვის სარგებელი მოაქვს.
გასაგებია, რომ ზოგჯერ დრიბლინგების კუთხით აჭარბებს, დაცვასაც ვერ ეხმარება ეფექტურად და ამის გამო „რუბინს“ ფლანგზე პრობლემები ექმნება. მაკაროვი და კვარა ნებისმიერ დროს მზად არიან შეტევაში წასასვლელად, ამიტომ, დაცვაში ზუევი და მერკულოვი დახმარების გარეშე რჩებიან. „რუბინში“ ეს დისბალანსი არსებობს.
ხვიჩა შესანიშნავად ცვლის ტემპს, ბურთთან ერთად ძალიან კარგად დარბის, შეუძლია მეტოქის მარტივად მოტყუება. როდესაც მან მსაჯს მასლოვი გააგდებინა იქ ჩვეულებრივი ფეხბურთელები არ მოუტყუება - ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი კრალი და რუსეთის ნაკრების წევრი ზობინი მოატყუა. მგონია, რომ მას რეალიზაციის დიდი პოტენციალიც აქვს.
ასეთი ფეხბურთელის შეზღუდვა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძნელი იქნება. იქნებ ღირდეს მისი ფუნქციონალური თვისებების გადახევდა, მაგრამ შეზღუდვა - არა. ინტონაციის შეცვლა უფრო სკეპტიკოსებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სჯერა, რომ ხვიჩა ზედმეტად იღებს თამაშს საკუთარ თავზე და მათ შემიძლია ვუპასუხო, რომ მისი მოქმედებები აბსოლუტურად გამართლებულია.
ზოგჯერ ძალიან ემოციურად რეაგირებს, რისი დასტურიც „სპარტაკთან“ მიღებული ყვითელი ბარათია, თუმცა ძალიან სასარგებლოა. უბრალოდ შეხედეთ, რამდენი პენალტი გამოიმუშავა და „რუბინს“ ქულების მოპოვებაში დაეხმარა. სლუცკი არ ზღუდავს მას და სწორადაც იქცევა. თუ კვარა შეტევის გარდა, დაცვაშიც მოუმატებს, ეს გუნდისთვის დიდი პროგრესი იქნება.
კვარაცხელიასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. „ლოკოში“ გამოჩნდა და ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ბიჭია, არც ისე ცუდი, შემდეგ „რუბინში“ შარონოვის მუშაობის პერიოდში, ამბობდნენ - დიახ, კარგი ბიჭია და შეიძლება მისი პოტენციალის გამოყენება. მაგრამ სლუცკის დროს ვნახეთ, რომ გაიბრწყინა. ვფიქრობ, გასული სეზონის ბოლო 8 ტურში კვარა არა მხოლოდ „რუბინში“, არამედ მთელ ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ხვიჩას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბევრჯერ ცდილობს მოტყუებას, თუმცა პირიქით უნდა შევაქოთ, რომ ასე თამაშობს. ის იმდენად ლამაზად თამაშობს, რომ ჩემი აზრით შეცდომებსაც ფარავს.
მისგან მოლოდინი ძალიან გაიზარდა, უკვე მის წინააღმდეგ სათამაშოდ გუნდებიც ემზადებიან. თუ ხვიჩამ საგოლე პასი ვერ გააკეთა და ან პენალტი ვერ მოიპოვა, თვლიან, რომ პროგრესი შეაჩერა, მაგრამ ასე არაა. კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, საიმედო მწვრთნელის ხელშია, რომელმაც იცის ახალგაზრდებთან მუშაობა და ის ნამდვილად განვითარდება“, - თქვა გენიჩმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა და "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა რვა შეხვედრა ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, მაგრამ 2 საგოლე პასი მიითვალა და 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა. "რუბინი" მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, "როტორთან" გამართავს.