ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და უდანაკარგოდ ასპარეზობს. თუ პირველ ტურში იურგენ კლოპის გუნდი არადამაჯერებელი იყო და „ლიდსთან“ ძალიან გაუჭირდა (4:3), ახლა ასე არ ყოფილა.
„წითლებმა“ ლონდონში, „ჩელსის“ ისე მოუგეს, რომ ენერგიაც არ დაუხარჯავთ. „ლივერპულის“ საქმე იმანაც გააიოლა, რომ 45-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო ანდრეას კრისტენსენი გააძევეს და კაცნაკლულმა ლონდონელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ყველაფერი ნათელი გახდა: სადიო მანემ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. სხვათა შორის, სენეგალელმა მოიპოვა ის წითელი ბარათიც, რის გამოც კრისტენსენი გააგდეს.
„ლივერპულმა“ 6 ქულა დააგროვა და „არსენალთან“ მატჩისთვის კარგ განწყობაზე მოემზადება, ხოლო „ჩელსი“ რეაბილიტაციას „ვესტ ბრომვიჩთან“ საგარეო დაპირისპირებაში ეცდება.
„ჩელსი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 მანე (50), 0:2 მანე (54)