ჩოგბურთი

21:40 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია, კიოპფერმა მუსეტი შეაჩერა

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსის მერვედფინალში თანამემამულე, სერბი ფილიპ კრაინოვიჩი ორსაათიან ბრძოლაში 7:6, 6:3 დაამარცხა.

ნოვაკი შეხვედრის პირველივე გეიმში დაბრეიკდა, თუმცა სიტუაცია მალევე შემოატრიალა და სეტი ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც კრაინოვიჩმა იბრძოლა, თუმცა 7:9 დამარცხდა. მეორე სეტში ჯოკოვიჩს აღარ გაუჭირდა მეტოქის მოწოდებაზე კარგი თამაში და ორი ბრეიკით 6:3 მოიგო.

სერბი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში დომინიკ კიოპფერს დაუპირისპირდება, რომელმაც ახალგაზრდა იტალიელი ჩოგბურთელი, 18 წლის ლორენცო მუსეტი 6:4, 6:0 დაამარცხა. მუსეტიმ მიმდინარე ტურნირზე დამაჯერებლად ითამაშა - ძირითად ბადეში იტალიელი კვალიფიკაციიდან მოხვდა, სადაც ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით სტან ვავრინკას და კეი ნიშიკორის სძლია. კიოპფერთან მუსეტი დაღლილი აღმოჩნდა და მისი მაქსიმუმი ტურნირზე მერვედფინალური ეტაპი აღმოჩნდა. გერმანელი და სერბი ჩიგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

კიდევ ერთი იტალიელი ჩოგბურთელის წარმატებული სერია დასრულდა რომის მასტერსზე - გრიგორ დიმიტროვმა იანიკ სინერი 4:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. მიმდინარე ტურნირზე 19 წლის იტალიელმა პირველ წრეში ბენუა პერი დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში - მეექვსე ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი.

ბულგარელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელმაც ფრანგი უგო ემბერი 6:7, 6:1, 6:4 დაამარცხა. ასევე, შემდეგი ეტაპის საგზურები მოიპოვეს მატეო ბერეტინიმ, რომელმაც სტეფანო ტრავალია 7:6, 7:6 დაამარცხა, ხოლო კასპერ რუდმა მარინ ჩილიჩს მოუგო - 6:2, 7:6. მეოთხედფინალური ეტაპის მეოთხე წყვილის ვინაობა ამ წუთებში ირკვევა - ჰუბერტ ჰურკაჩი დიეგო შვარცმანს ხვდება, ხოლო მსოფლიოს ნომერ მეორე ნომერი რაფაელ ნადალი დუშან ლაიოვიჩთან არკვევს ურთიერთობას.

0.135877