შეგვიძლია ამოვისუნთქოთ - გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ბელგიური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელს უქმობა მხოლოდ 2-3 კვირა მოუწევს.
ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ბელარუსთან მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ თავდაპირველად შიში უფრო ძლიერი იყო და ვარაუდობდნენ, რომ გიორგის გაცილებით სერიოზული დაზიანება ჰქონდა. ცნობისთვის, Voetbalkrant-ი წერს, რომ "გენტის" ახალმა მთავარი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერისთვის ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, რადგან ჩაკვეტაძეს ჯონათან დავიდის შემცვლელად მიიჩნევს და ქართველი მალე ისევ მის განკარგულებაში იქნება.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩაკვეტაძეს ძვლის შეშუპება და მყესის არეში მცირე სისხლჩაქცევა აქვს. გადაწყვეტილია, რომ ჩვენებური კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ორივე მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება, საქართველო - ბელარუსის დაპირისპირებას, ამ თამაშამდე ზუსტად სამი კვირაა დარჩენილი და ჯერჯერობით გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა ვენის „რაპიდთან“ (2:1) მატჩში მიიღო, როდესაც სოლო რეიდით პენალტი გამოიმუშავა, მცველმა წააქცია და მეკარეს დაეჯახა.