იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე აქტიურად მუშაობს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი დასკვნით ეტაპზეა.
დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი ტურინში ჩავიდა, სადაც „იუვეს“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შეხვდება და დეტალებს საბოლოოდ შეათანხმებენ.
დიბალას მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და ის 2025 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდება, რომლის თანახმად არგენტინელი გაუმჯობესებულ პირობებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ 2015 წელს სიცილიური „პალერმოდან“ შეუერთდა. სამხრეთამერიკელს ტურინელთა რიგებში 228 თამაში ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა.