ფეხბურთი

15:18 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "რუსულ გუნდში წასვლას აზრი არ აქვს, ხვიჩა ევროპის დიდ გუნდში გადავა!'
"კვარაცხელია ახლა ჩვენთვის შეუფასებელია, მაგრამ ევროპაში ძალიან ძვირად გაიყიდება"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ხვიჩა არ იყიდება და „რუბინისთვის“ შეუფასებელი ფეხბურთელია.

იაროვინსკი აღიარებს, რომ ერთ დღეს ყაზანელებს ქართველ შემტევთან შელევა მოუწევთ, თუმცა იმასაც ამბობს, რომ კვარაცხელია აუცილებლად ევროპის დიდ გუნდში უნდა წავიდეს, რადგან სხვა რუსულ გუნდში გადასვლას უბრალოდ აზრი არ აქვს.

- ახლა რა ღირს ხვიჩა კვარაცხელია?

- ძალიან ძვირი ღირს. ნებისმიერი კლუბისთვის ფეხბურთელების გაყიდვა არსებობისთვის ბუნებრივი პროცესის ნაწილია. კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც გუნდს ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, ის ადრე თუ გვიან, წავა, ეს გარდაუვალია. ასეთ მოთამაშეებს გარკვეულ ეტაპზე განვითარებისთვის მომდევნო ნაბიჯის გადადგმა სჭირდებათ.

- როგორ შეაფასებთ ახლა? რამდენი უნდა გადაუხადოს „რუბინს“ ხვიჩასთვის?

- შეუძლებელია შეფასება, რადგან ზრდის სწრაფ ეტაპზეა. მისთის აუცილებელია გუნდში თამაში, სადაც მთავარი მწვრთნელი სრულიად ენდობა და სადაც ყველა მისი სუპერდადებითი თვისება განვითარდება. მას მწვრთნელთან მუშაობა სჭირდება, რადგან ასაკის გამო ზოგჯერ იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს. ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად გადავა დიდ ევროპულ კლუბში და ძალიან ძვირი იქნება მისი ფასი, მაგრამ ახლა მისი გაყიდვისთვის არასწორი დროა. ასევე, ხვიჩასთვისაც. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური ნდობა, რასაც „რუბინში“ იღებს.

- მაგრამ არის ფული, რომელზეც „რუბინი“ უარს ვერ იტყვის?

- არ მინდა ციფრებით ვისაუბრო. ახლა პოტენციური მყიდველები არ მოგვცემენ იმ თანხას, რომელიც ჩვენთვის შესაფერისია. გარდა ამისა, ჩვენი ამოცანები გვაქვს.

- ახლა კვარაცხელია არ იყიდება?

- არ იყიდება, 100%-ით!

- „ლოკომოტივის“ 15 მილიონი - ეს არ არის საინტერესო?

- საერთოდ არავის გვაინტერესებს. მისთვის რუსულ კლუბში წასვლას აზრი არ აქვს, მას შეუძლია ევროპაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ საჭიროა მენტალურად გაძლიერდეს, გაიხსენეთ, რომ გასული სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩა არ იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისთვის მნიშვნელოვანია პრიმას როლში დამკვიდრება, სტაბილურობის ჩვენება. შემდეგ ის წავა ევროპაში და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ძვირი ტრანსფერი იქნება.

- არ ფიქრობთ, რომ „ლოკომოტივი“ მისი დაბრუნების შესაძლებლობას ელოდება?

- ოფიციალური შეთავაზება არ მინახავს, ეს ყველაფერი მოგონილი ამბავია. თუ ვინმეს სურს მისი შეძენა, მოდის და ამას გვიმტკიცებს. რუსტემ საიმანოვს („რუბინის“ გენერალური დირექტორი - რედ) ტელეფონი ყოველთვის ჩართული აქვს, ისევე, როგორც მე. მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს შეუძლია დაგვიკავშირდეს და გვითხრას.

- ხვიჩა ლიგის ვარსკვლავია, ნაკრებში ფეერიულად დაიწყო. მის გონებაზე ეს ცუდად ხომ არ იმოქმედებს?

- არა, ის შესანიშნავი ტიპის ფეხბურთელი და ადამიანია, რომელსაც უბრალოდ ფეხბურთის თამაში სიამოვნებს. ხვიჩა არ ჩქარობს, ჩვენ ყურადღებით განვიხილეთ სიტუაცია და მისი დამოკიდებულება. ის ბედნიერია, რომ ფეხბურთელი გახდა და ჯერ არ ადარდებს ტოპკლუბებთან დაკავშირებული მომავალი. ხვიჩა მომენტით იღებს სიამოვნებას.

- თქვენ მუშაობდით მარტინ ედეგორთან. შეგიძლიათ შეადაროთ ისინი, არა ხარისხით, არამედ მენტალიტეტით...

- ერთნაირები არიან იმ გაგებით, რომ ორივე ფეხბურთელი გახდა, რადგან სიამოვნება მიეღოთ. ძალიან ემოციურები არიან. კვარაცხელია წარმოუდგენლად მშრომელია, ის არ არის მხოლოდ ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ყოველი წარმატებული მოქმედების შემდეგ ხვანჭკარას სვამს. ის და მარტინ ედეგორი ბევრს მუშაობენ და ტკბებიან იმით, რაც აქვთ და არ ფიქრობენ იმაზე, სადამდე შეიძლება მივიდნენ.

0.137695