კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიქოზიის „ომონიას“ დაუხვდა, გუნდს, რომელთანაც შარშან ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ნაადრევად შეწყვეტილ სეზონში დამარცხდა.
მატჩი დაძაბული გამოდგა და გუნდებმა პირველივე ტაიმში გაცვალეს გოლები - კალი სენემ ნიქოზიელები მე-15 წუთზე დააწინაურა, ხოლო 45-ე წუთზე თემურ ქეცბაიას გუნდმა გაათანაბრა. თავი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პენალტი ზედიზედ მეორედ გაიტანა (სანაკრებო მატჩებსაც თუ გავითვალისწინებთ, მესამედ).
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სამივე ქართველი, ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მხოლოდ თორნიკე შეცვალეს 83-ე წუთზე, ხოლო დაუშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
„ანორთოსისს“ 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს „აპოლონთან“ ერთად ლიდერობს, რომელსაც 20 სექტემბერს უმასპინძლებს.