აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ბადის ფინალში, ერთმანეთს ავსტრიელი დომინიკ თიმი და გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში თიმმა 6-2 7-6(7) 7-6(5) დაამარცხა რუსი დანიილ მედვედევი, ზვერევმ კი 3-6 2-6 6-3 6-4 6-3 მოუგო ესპანელ პაბლო კარენო ბუსტოს.
„გარწმუნებთ, ეს იყო ყველაზე რთული სამსეტიანი გამარჯვება, რაც კი ოდესმე მქონია. ის შეიძლება სულ სხვაგვარად დასრულებულიყო“, - განაცხადა თიმმა, ვინც თავის კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ფინალში მეოთხედ ითამაშებს და პირველი ტიტულის მოპოვებას ეცდება.
ავსტრიელმა პირველი სეტი ისე მოიგო, რომ პირველ მოწოდებაზე ქულა არ დაუკარგავს. მაგრამ მეორე სეტის დასაწყისში დაშვებული ორმაგი შეცდომით და უხეიროდ შესრულებული ფორჰენდით, მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა. აქედან მოყოლებული, თიმი მდვრის როლში იყო და მეათე გეიმში, ანგარიშის გათანბრება შეძლო. სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა. მის დასაწყისში, ერთ-ერთ მოწოდებაზე გათამაშება დიდხანს გაგრძელდა და მის განმავლობაში, ორივემ ჯამში 33 დარტყმა შეასრულა. საბოლოოდ, თიმმა ერთქულიან უპირატესობას მიაღწია და მეორე სეტიც მოიგო.
„როდსაც მის რიტმში ვთამაშობდი, პრაქტიკულად უშეცდომოდ ურტყამდა. ამიტომ მოკლე და მაღალი ბურთების მონაცვლეობა ვცადე. სწორედ ეს იყო ჩემი გეგმა“, - განაცხადა 27 წლის თიმმა, ვისაც მესამე სეტის დასაწყისში, ტერფის გასინჯვა დასჭირდა. მესამე სეტში მედვედვი ისევ დაწინაურდა, მაგრამ თიმმა ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და კვლავ ტაიბრეიკს მიაღწია, სადაც კვლავ უფრო ზუსტი იყო. აღსანიშნავია, რომ თიმმა შეხვედრის განმავლობაში, რვიდან ექვსი ბრეიკ პოინტი მოიგერია და მეტოქეზე გაცილებით ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ზვერევი დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს. პირველ ორ სეტში მან 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მათ წაგებაში „დაეხმარა“. მაგრამ მესამე სეტიდან კორტზე სულ სხვა ზვერევი გამოვიდა, რომელიც შეცდომებსაც აღარ უშვებდა და მომდევნო ორ სეტში თავად გაიმრჯვა. გადამწყვეტი სეტის წინ, კარენო ბუსტოს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რა დროსაც ზურგი დაუმუშავეს. მაგრამ რიტმში შესული მეტოქის თამაშს ვეღარაფერი მოუხერხა.
აღსანიშნავია, რომ 1996 წლის ავსტრალიის ღიას შემდეგ, სადაც ბორის ბეკერმა გაიმარჯვა, გერმანელ მამაკაც ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირი არ მოუგია.