შვედური „გიოტებორგის“ მთავარ მწვრთნელად როლანდ ნილსონი დაინიშნა. ეს ამბავი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ამ კლუბში გიორგი ხარაიშვილი თამაშობს.
შვედეთის ჩემპიონატში 14-მატჩიანი მოუგებელი სერიის გამო კლუბში მწვრთნელი შეიცვალეს და ახლა გუნდს 56 წლის ნილსონი გაუძღვება, რომელიც 2017 წლიდან შვედეთის 21-წლამდე ნაკრებს ავარჯიშებდა. სხვათა შორის, სკანდინავიელებმა სამშაბათს იტალიის 21-წლამდე ნაკრები 3:0 დაამარცხეს, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციამ მწვრთნელს კლუბში წასვლაში ხელი არ შეუშალა.
რონალდ ნილსონმა 2010 წელს „მალმიოს“ შვედეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა, გარდა ამისა „ქოვენთრი სიტისა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ წვრთნიდა. ფეხბურთელობისას შვედეთის ნაკრებში 116 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ითამაშა, ხოლო 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სწორედ საფეხბურთო კარიერის დროს „გიოტებორგში“ 1983-1989 წლებში 272-ჯერ ითამაშა.
„გიოტებორგი“ შვედეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-13 ადგილზეა და 14 თამაშია არ მოუგია. 30 ივლისს კი შვედეთის თასს დაეუფლა. ცნობისთვის, გიორგი ხარაიშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუშინ „ჰამარბის“ წინააღმდეგ (0:4) ითამაშა.