გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა „სარაგოსაში“ დარჩეს. ყოველშემთხვევაში არაგონელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ქართველის გუნდიდან წასვლის საკითხი ამ ეტაპისთვის დახურა. "ვალენსიას" ყოფილ ფეხბურთელს გიორგის სათამაშო სტილი ძალიან მოსწონს.
როგორც ესპანელმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაპუნაშვილს ხანგრძლივი ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ერთ შანსს იმსახურებს:
„აქამდე შეიქმნა სიტუაციები, რომელიც მას ნამდვილად არ დაეხმარა. ორი წლის წინ ის ბრწყინვალედ თამაშობდა, შესანიშნავი მატჩები ჰქონდა, დიდი მოლოდინი გააჩინა, მაგრამ ბოლო ორ წელიწადში არ გაუმართლა. მან უნდა იგრძნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და გუნდის ნაწილია. გვინდა, ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს, როგორია მისი ამბიცია და სურს თუ არა, ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა“, - თქვა ესპანელმა.
გამოცემა elperiodicodearagon-ი წერს, რომ ქართველი პრესეზონს ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში და სწორი დამოკიდებულებით შეხვდა, ბარახას პაპუნაშვილი ძალიან მოსწონს, 24 წლის ჩვენებური, რადგან მისი თვისებები შეესაბამება „სარაგოსას“ მწვრთელის მიზანს - სისწრაფე, თავდაჯერებულობა, დარტყმა...
შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილს „სარაგოსასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. რაც შეეხება რუბენ ბარახას, სტაჟიან გულშემატკივარს ესპანეთის ნაკრებიდან და „ვალენსიას“ ოქროს პერიოდიდან კარგად ეხსომება ახლო წარსულში წარმატებული ნახევარმცველი.