აშშ-ის ღია პირველობის ექვსგზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა, ტურნირის მეოთხედფინალში, ზედიზედ მესამე სამსეტიანი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინლში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ამერიკელის მორიგი მსხვერპლი, ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა გახდა.
სერენამ 2 საათსა და 14 წუთში 20 ეისი მოაწოდა და 4-6 6-3 6-2 გაიმარჯვა. ფინალის საგზრისთვის მის წინააღმდეგ, ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და ბელგიელ ელისე მეტრენსს შორის მოგებული ითამაშებს.
„ბრძოლას ვაგრძელებ და ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მიხარია. არასდროს ვნებდები და ასე უნდა გავაგრძელო. ტურნირი ჯერ არ დასრულებულა და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჯერ ისევ აქ ვარ. და მე უკეთ თამაში მსურს“, - განაცხადა სერენემ, ვინც დიდი სლემის 24-ე ტიტულისთვის იბრძვის.
მან თავისი მეტოქისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. პირონკოვამ შვილის გაჩენის შემდეგ, სამი წელი უქმად გაატარა და ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აშშ-ის ღია მისთვის პირველი ტურნირია. შესაბამისად, მეოთხედფინალში გასვლაც გამარჯვების ტოლფასად მოჩანს.
პირონკოვამ თამაში აგრესიულად დაიწყო და მძლავრი წაღმა დარტყმებით, მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ბულგარელმ მეხუთე გეიმში ბრეიკს მიაღწია, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მანვე მეორე გეიმიც ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უილიამსმა იქვე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, რის შემდეგაც, მის თამაშს გაუმჯობესება დაეტყო.
სერენა განსაკუთრებით მოწოდებაზე გამოირჩეოდა, პირონკოვამ კი სტაბილურობა დაკარგა. უილიამსმა მეორე წრეში კიდვ ერთხელ შეძლო ბრეიკი და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტი კი მეტოქის მოწოდების აღებით დაიწყო და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.