უეფამ გეგმები შეცვალა და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის წილისყრა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ნაცვლად, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში გაიმართება. მასზე დასწრებას კლუბების წარმომადგენლები ვერ შეძლებენ, მიზეზი ცხადია კორონავირუსის პანდემიაა.
„საბერძნეთის ხელისუფლების კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიუხედავად, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ მთავარი პრიორიტეტი უნდა დარჩეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ამ მასშტაბის ღონისძიების ათენში საერთაშორისო სტუმრებთან ერთად ჩატარება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ეს დაარღვევს დაწესებულ შეზღუდვებსა და პროტოკოლს“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპა ლიგის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ქართული კლუბებიდან ევროსარბიელს „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“ არიან შემორჩენილნი, რომლებიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაბამისად, უელსურ „კონაჰსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შეხვდებიან.