აშშ-ის ღია პირველობას კიდევ ერთი ძლიერი ჩოგბურთელი გამოაკლდა - ბელგიელმა ელისე მერტენსმა ორ სეტში, 6-3 6-3 სძლია მეორე ნომრად განთესილ ამერიკელ სოფია კენინს და ზედიზედ მეორედ შეძლო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა.
მერტენსი, ვინც მე-16 ნომრადაა განთესილი, უკანა ხაზიდან კარგად თამაშობდა, ცოტა შეცდომას უშვებდა და ამის წყალობით, ავსტრალიის ღიას მოქმედ ჩემპიონთან, მესამე შეხვედრაში პირველი გამრჯვება მოიპოვა. ეს მიმდინარე სეზონში მერტენსის 23-ე გამარჯვებაა, რაც ქალთა ტურზე საუკეთესო შედეგია. ამასთან, ფლეშინგ მედოუსზე მიმდინარე ტურნირზე მას ჯერ სეტიც არ აქვს წაგებული.
„ყოველთვის კარგია იმ შეხვედრების ცქერა, რომლებშიც აგებ, რადგან თამაშის გასაუმჯობესებლად ეს საჭიროა. მე ვუყურე იმ შეხვედრას, რომელშიც მასთან ბოლოს წავაგე“, - კორტზე სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა გამარჯვებულმა. მერტენსმა თამაშიდან კენინზე ოთხით ნაკლები ქულა აიღო, მაგრამ მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა, როცა ამერიკელი 26-ჯერ შეცდა.
„მე ჩემს თამაშზე მქონდა ყურადღება გადატანილი და მის თამაშზე ნაკლებად. მას აქვს ძალიან კარგი დიაგონალური დარტყმა. ვფიქრობ, ჩემი პირველი მოწოდება საკმაოდ კარგი იყო. და მთელი შეხვედრისას თითქმის არაფერი გამიფუჭებია. სწორედ იმით ვარ ყველაზე მეტად კმაყოფილი, რომ ყველა მომენტში სტაბილურად ვითამაშე“, - განაცხადა მერტენსმა.
მეოთხე წრემდე, 21 წლის კენინიც სეტის წაუგებლად მივიდა და თავისი 28 გეიმიდან 26 მოგებული ჰქონდა. მაგრამ მერტენსთან შეხვედრის დასაწყისშივე დაშვებული ორმაგი შეცდომის შემდეგ, თამაში არ წაუვიდა. საკუთარი შეცდომებით გაწბილებულმა ამერიკელმა ერთხელ ჩოგანი კორტს დაახეთქა, მაგრამ ამას მისი თამაშის ხარისხი არ გამოუკეთებია.
პირველ სეტში მერტენსმა სამი ბრეიკი აიღო, მეორეში კი ერთიც იმყოფინა. ეს მან მეექვსე გეიმში შეძლო, როცა ამერიკელმა სამჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეს გეიმი მერტენსმ მშრალად მოიგო და ამის შემდეგ, მალე შეხვედრას წერტილი მეშვიდე ეისით დაუსვა.
მეოთხედფინალში მერტენსის მეტოქე, ავსტრალიის ღიას ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი ვიკტორია აზარენკა იქნება, რომელმაც ჩეხ კაროლინა მუჩოვას სამ სეტში, 5-7 6-1 6-4 მოუგო.