ჩოგბურთი

1:20 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ღია პირველობას ყოველდღე 11 500 მაყურებელი დაესწრება

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის (FFT) განცხადებით, საფრანგეთის ღია პირველობას, რომელიც ამ თვის ბოლოს დაიწყება, ყოველდღიურად 11 500 მაყურებელი დაესწრება. ეს შეზღუდვა შეესაბამება საფრანგეთში მოქმედ ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის არის შემუშავებული.

ტრადიციულად, საფრანგეთის ღია მაისში იმართება ხოლმე, მაგრამ სიტუაცია პანდემიამ შეცვალა, რომელსაც მთელი მსოფლიო ჯერჯერობით წარუმატებლად ებრძვის. ამავე მიზეზით, ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობას, მაყურებელი საერთოდ არ ესწრება.

FFT-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ როლან გაროსის ტურნირისას, ყველაზე დიდ, ფილიპ შარტიეს და სუზან ლენგლენის კორტებზე, 5-5 ათას მაყურებელს დაუშვებენ, უფრო პატარა, სიმონ მატიოს კორტზე კი 1 500 მაყურებელს შეუშვებენ. ტრიბუნებზე დასაჯდომ ადგილებს შორის დაშორება, ერთი ადგილის გამოტოვებით იქნება. მაყურებლისთვის ნიღბის გამოყენება სავალდებულოა. საკვალიფიკაციო ტურნირი მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

საფრანგეთის ღია პირველობა 27 სექტმბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება.

0.119557