ფეხბურთი

11:57 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის ინტერვიუ სრულად: არგენტინელმა დეტალებზე ვრცლად ისაუბრა

ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ საგა დასრულდა, არგენტინელმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ყოველშემთხვევაში, იქამდე, სანამ მისი კონტრაქტი არ ამოიწურება - 2021 წლის ზაფხულამდე. დანარჩენს დრო გამოაჩენს.

ლიონელ მესიმ Goal-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ყველა დეტალის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ცხადია, მესის სხვადასხვა ციტატებმა ყველა სპორტული ვებგვერდი მოიარა, მაგრამ ახლა სრულ ინტერვიუს გთავაზობთ.

- რატომ მოიცადეთ ამდენი ხანი დუმილის დასარღვევად?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ლისაბონში მარცხის შემდეგ ეს ძალიან რთული იყო. ვიცოდით, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ ასეთ შედეგს ვერ წარმოვიდგენდი. კლუბისთვის და „ბარსელონასთვის“ ცუდი იმიჯი შეიქმნა. ცუდად ვიყავი, არაფერი მინდოდა, უბრალოდ მსურდა დრო გასულიყო და შემდეგ ყველაფერი გამერკვია.

- რატომ უთხარით „ბარსელონას“, რომ წასვლა შეგეძლო?

- კლუბს, განსაკუთრებით პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. ამას მთელი წლის განმავლობაში ვეუბნებოდი. ვფიქრობდი, რომ განზე გადგომის დრო იყო. მჯეროდა, რომ კლუბს უფრო ახალგაზრდები და ახალი ხალხი სჭირდებოდა, ვფიქრობდი, რომ „ბარსელონაში“ ჩემი თავგადასავალი დიდი სინანულით დასრულდებოდა, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის აქ დასრულება მსურდა. ძალიან რთული წელი იყო, ბევრი ვიტანჯე ვარჯიშების დროს, მატჩებში, გასახდდელში. ძალიან გამიჭირდა და დადგა მომენტი, როდესაც ვიფიქრე ახალ მიზნებზე, სუფთა ჰაერზე წასასვლელად. ეს არ იყო „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის გამო, ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი, ამის შესახებ პრეზიდენტს ყოველთვის ვეუბნებოდი და ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო მიმეღო გადაწყვეტილება, წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ბოლოს მან საკუთარი სიტყვა არ შეასრულა.

- თავს მარტო გრძნობდით?

- არა, თავს მარტო არ ვგრძნობდი. ჩემს გვერდით იყვნენ ისინი, ვინც ყოველთვის იყვნენ. ეს ჩემთვსი საკმარისია და მაძლიერებს. თუმცა, კი, მწყინს, ხალხის, ჟურნალისტების სიტყვები, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ჩემს ბარსელონიზმს, ისეთი სიტყვებით, რასაც ჩემი აზრით, არ ვიმსახურებ. ეს, ასევე დამეხმარა იმის დანახვაში, ვინ, ვინ არის. ფეხბურთის სამყარო ძალიან რთულია, ძალიან ბევრი ყალბი ადამიანია. ის, რაც დამემართა, დამეხმარა მრავალი ყალბი ადამიანი ამომეცნო. მწყინს, როდესაც ამ კლუბისადმი ჩემს სიყვარულს ეჭვქვეშ აყენებენ. წავალ თუ დავრჩები, „ბარსელონას“ მიმართ ჩემი სიყვარული არასდროს შეიცვლება.

- ჩვენ ყველაფერი მოვისმინეთ. ფულის ფაქტორიდან დაწყებული, მესის მეგობრებით დამთავრებული. რამ დააზარაალ ყველაზე მეტად „ბარსელონასთან“ თქვენი ურთიერთობა 20 წლის შემდეგ?

- ცოტათი ყველაფერმა, როგორც მესის მეგობრებით, ისე ფულთან დაკავშირებით... ძალიან ბევრი რამ ითქვა, რაც მეწყინა. კლუბისთვის ყოველთვის ყველაფერს ვდებდი. არაერთხელ მქონია შესაძლებლობა დამეტოვებინა „ბარსელონა“. ფული? ყოველწლიურად შეიძლებოდა წასვლა და მეტი ფულის შოვნა, ვიდრე „ბარსელონაში“ მქონდა. ყოველთვის ვამბობდი,რომ ეს ჩემი სახლი იყო და ეს იყო ის, რასაც ვგრძნობდი და ვგრძნობ.

- საბოლოოდ ძალიან რთულია 20 წელზე უარის თქმა, მთელი ცხოვრება, ოჯახი, რომელიც ბარსელონაში გყავთ, ქალაქი... რატომ დარჩით „ბარსელონაში“?

- რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ბევრ რამედ მიჯდებოდა. ეს არაფერ შუაშია „ბაიერნთან“ მატჩის შედეგზე, ეს ბევრი ფაქტორიდან მომდინარეობს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ აქ დარჩენა მინდოდა. მსურდა მომგებიანი პროექტი და კლუბთან ერთად ტიტულების მოგება, რათა „ბარსელონას“ ლეგენდა გამეზარდა. სიმართლე ისაა, რომ დიდი ხანია კლუბში არანაირი პროექტი არ არსებობს. როგორც ადრე ვთქვი, ყოველთვის ვფიქრობდი ჩემი ოჯახის და კლუბის კეთილდღეობაზე.

- რა მოხდა, როდესაც ოჯახს უთხარით, რომ „ბარსელონას“ დატოვება გინდოდათ?

- როდესაც ჩემს მეუღლესა და შვილებს ვუთხარი, ეს ნამდილი დრამა იყო. მთელი ოჯახი ატირდა, ჩემს შვილებს არ სურდათ ბარსელონას დატოვება, არ უნდოდათ სკოლის შეცვლა. მე ამის მიღმა ვიყურებოდი და მინდოდა უმაღლეს დონეზე თამაში, ტიტულების მოპოვება, ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია. ეს ძალიან რთული ტურნირია, შეიძლება მოიგო ან წააგო, მაგრამ კონკურენტუნარიანი უნდა იყო. ყოველშემთხვევაში, როგორც მინიმუმ ისე არ უნდა ჩამოიშალო, როგორც რომში, ლივერპულში, ლისაბონში. ამან მაფიქრებინა წასვლაზე. როგორც ვთქვი, ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ უფასოდ წავიდოდი, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო გადაწყვეტილების მიღება დავრჩებოდი თუ არა კლუბში. ახლა ისინი იმ ფაქტს ეყრდნობიან, რომ მე წასვლის სურვილი 10 ივნისამდე არ გამოვთქვი. კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი სეზონი შეიცვალა, იმ დროს ლა ლიგაში ვთამაშობდით და ამის შესახებ ვერ ვიტყოდი. ეს არის მიზეზი, რის გამოც „ბარსელონაში“ დავრჩები. ახლა ვრჩები, რადგან პრეზიდენტმა მითხრა, რომ წასვლის ერთადერთი გზა 700 მილიონი ევროს გადახდაა და ეს შეუძლებელია. „ბარსელონას“ მენეჯმენტი ბართომეუს მეთაურობით კატასტროფაა. სხვა გზაც არსებობდა, სასამართლოში მისვლა, მაგრამ „ბარსელონას“ არასდროს ვუჩივლებ, რადგან ეს ის კლუბია, რომელიც მიყვარს, რომელმაც ყველაფერი მომცა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, ეს არის ჩემი ცხოვრების კლუბი, აქ გავატარე ჩემი ცხოვრება. „ბარსამ“ ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი მივეცი. ვიცი, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასამართლოში არასდროს წავალ.

- ყველაზე მეტად გეწყინათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა „ბარსელონასთვის“ ზიანი მიგეყენებინათ?

- ბევრი რამ მწყინს, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნდა და უპირველეს ყოვლისა ამდენი ყალბი ამბავი. თითქოს, შემეძლო „ბარსელონას“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ჩემი ინტერესების გამო. ასეთ საქმეს ვერასდროს გავაკეთებდი, ვიმეორებ, წასვლა მინდოდა და ეს ჩემი უფლება იყო, იმიტომ, რომ კონტრაქტში ნათქვამია, შემეძლო უფასოდ გუნდის დატოვეა. ეს არ იყო, „უბრალოდ მივდივარ“, წასვლას ვაპირებდი და ეს ძალიან ძვირი დამიჯდა. წასვლა მინდოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ კარიერის ბოლო წლებში ფეხბურთით ბედნიერების მიღება მსურდა, ეს კი ამ ბოლო დროს „ბარსელონაში“ ვერ ვიგრძენი.

- იყო ბედნიერი, ეს მნიშვნელოვანია. რჩებით კლუბში, მაგრამ რამე შეიცვლება „ბარსელონაში“, რა უნდა შეიცვალოს სპორტულ დონეზე?

- „ბარსელონაში“ ვაგრძელებ კარიერას და ჩემი დამოკიდებულება არ შეიცველბა, მიუხედავად იმისა, წასვლა მინდოდა თუ არა, მაქსიმუმს გავაკეთებ. მინდა ყოველთვის გამრჯვება, კონკურენტუნარიანი ვარ და წაგება არ მომწონს. ყოველთვის მინდა კლუბისთვის საუკეთესო, ჩემი თანაგუნდელებისთვის და საკუთარი თავისთვის. ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი მხარდაჭერა არ იყო.ახლა არ ვიცი რა მოხდება. არის ახალი მწვრთნელი და ახალი იდეები. ეს კარგია, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ მოერგება ამას გუნდი და თუ შევძლებთ უმაღლეს დონეზე კონკურენციას. რაც ახლა შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ დავრჩები და ყველაფერს გავაკეთებ „ბარსელონასთვის“.

- რა იყო პირველი, რაც იფიქრეთ, როდესაც ხალხი ამბობდა - „ბარსელონა“ არ აინტერესებს...

- მეწყინა, რომ „ბარსელონასადმი“ ჩემი ერთგულება ეჭვქვეშ დააყენეს. მადლობელი ვარ ამ კლუბის, მიყვარს „ბარსელონა“ უკეთეს ადგილს ვერ ვპოულობ, მაგრამ მე მაინც მაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მინდოდა ახალი მიზნები და გამოწვევები. ხვალ შეიძლებოდა დავბრუნებულიყავი, რადგან მე ყველაფერი აქ მაქვს, ბარსელონაში“. ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი აქ გაიზარდა.

- და ბოლოს, ვისაუბროთ ცნობილ ბიუროფაქსზე, რატომ გადაწყვიტეთ მისი გაგზავნა, რისი დამტკიცება გინდოდათ?

- ბიუროფაქსს ეს გარკვეულწილად ოფიციალურ დონეზე უნდა აეყვანა. მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტს ვეუბნებოდი, რომ წასვლა მინდოდა, რომ დრო იყო ახალი მიზნებისა და ჩემს კარიერაში ახალი გამოცდილების. ის ყოველთვის მეუბნებოდა: „ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, ოღონდ ახლა არა და ა.შ...“ მაგრამ საბოლოოდ, არაფერი. პრეზიდენტმა არასდროს მომცა მინიშნება იმაზე, თუ რას ფიქრობდა.ბიუროფაქსის გაგზავნა იყო ოფიციალური ფორმა, რომ წასვლა მსურდა. ეს არ იყო აურზაურის შექმნა ან კლუბის წინააღმდეგ წასვლა, ეს ჩემი გადაწყვეტილების ოფიციალური განცხადება იყო. თუ მას არ გავგზავნიდი არაფერი მოხდებოდა, კიდევ ერთი წელი მომიწევდა დარჩენა. მითხრეს, რომ 10 ივნისამდე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიმეორებ, სეზონი მიმდინარეობდა და შესაბამისი მომენტი არ იყო. გარდა ამისა, პრეზიდენტი ყოველთვის მეუბნებოდა, როდესაც სეზონი დასრულდება, გადაწყვიტე დარჩები თუ წახვალ... არასდროს დაუნიშნია კონკრეტული თარიღი. კლუბთან პოლემიკა არ მინდოდა.

0.105795