ფეხბურთი

10:53 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე: "ლიხტენშტეინთან მოედანზე სხვა განწყობით გავალთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.

„უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ“, - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი მაისურაძის სიტყვებს.

მატჩის შემდეგ კომენტარი გიორგი კუციამაც გააკეთა:

„ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია“, - თქვა კუციამ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე-მეხუთე ადგილებს სლოვაკეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ინაწილებს. მომდევნო მატჩს მაისურაძის გუნდი 8 სექტემბერს, სტუმრად ლიხტენშტეინთან გამართავს.

0.120765