ინტერვიუები

23:51 | 17.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის შემდეგ, ებრაული დუბლისთვის შემართული ქართველები

ჰაიფას “მაკაბი”, ისრაელის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე რომ გაჩემპიონდა, ამ საქმეში ქართველებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს. სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის მქონე გიორგი დარასელია, “მწვანეთა” გუნდში უკვე 3 სეზონი მუშაობს და ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო, ეროვნული ნაკრების 25 წლის ფორვარდ ვლადიმერ დვალიშვილისთვის კი, ეს პირველი უცხოური წარმატებაა.
“მსოფლიო სპორტი” ერთსაც და მეორესაც აღთქმულ მიწაზე დაუკავშირდა.
- ბატონო გიორგი, შეადარეთ ჰაიფელთა მიერ ჩატარებული ბოლო 3 სეზონი ერთმანეთს.
გიორგი დარასელია:
- თავიდანვე ვიტყვი, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად წელს გაგვიჭირდა. როცა მე და ელიშა ლევიმ ჩავიბარეთ “მაკაბი”, ჩვენს წინაშე არავინ აყენებდა საკითხს ისე, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. მიზანი იყო, ხუთეულში უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი და იმ ახალგაზრდა თაობისთვის მიგვეცა გასაქანი, რომელიც გუნდში დაგვხვდა. სეზონის პირველი ნახევარი I ადგილზე დავამთავრეთ და პრეზიდენტმა მაშინ გვითხრა, თუ საჭიროა, 2-3 ახალი ფეხბურთელი დავიმატოთო. არავინ დაგვიმატებია და როცა ჩვენგან არავინ მოელოდა ასეთ წარმატებას - ჩემპიონები გავხდით.
ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ვლადიმერ დვალიშვილი, პორტუგალიელი მცველი ტეიშეირა დავიმატეთ და მიზნად უკვე უპირობო ჩემპიონობა დაგვისახეს. 2009-2010 წლების სეზონი ფავორიტის რანგში დავიწყეთ და როცა ძირითადი ტურნირი დამთავრდა, თელ ავივის “ჰაპოელს” 4 ქულით ვუსწრებდით, მაგრამ ტიტული საჩემპიონო ექვსეულის ბოლო ტურში დავკარგეთ. ჩვენ ფრე ვითამაშეთ, “ჰაპოელმა” ბოლო წუთზე გაიტანა გოლი და ბურთების უარესი სხვაობით  II ადგილზე დავრჩით.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, მწვრთნელების წინაშე რთული ამოცანა იყო შესასრულებელი. გუნდი, ძირითადი შემადგენლობის 5-მა ფეხბურთელმა დატოვა და ასეთ სიტუაციაში მოგვიწია ევროლიგის შესარჩევ ეტაპზე თამაში. სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ვერ შევძელით, რამაც გუნდზე, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად უარყოფითად იმოქმედა. თუმცა, საკმაოდ მიზერული დანახარჯებით, მაინც შევძელით სრულიად გადახალისებული შემადგენლობის ჩამოყალიბება.
ჰაიფაში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ყველა ის, ვისაც მასთან აქვს კავშირი. შექმნილი სიტუაცია ისეთი იყო, თუ გვინდოდა გუნდის მრავალრიცხოვან ქომაგს მალე დაევიწყებინა ჩემპიონატისა და ევროლიგის წარუმატებლობა, გუნდს კვლავ ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლა და მიზნისთვის მიეღწია.
წლევანდელი ზამთრის შესვენებისას 3 ისეთი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელსაც “მაკაბიში” მოსვლამდე არავინ იცნობდა. შესაძლოა, ჩვენი გუნდის მოგებები ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა, როგორც უწინ, მაგრამ შედეგს მაინც მივაღწიეთ.
- თქვენ გუნდს სამივეჯერ თელ ავივის “ჰაპოელი” ჰყავდა უმთავრეს კონკურენტად.
- წლევანდელ რეგულარულ სეზონში 30 მატჩი ვითამაშეთ, აქედან 2 წავაგეთ და ორივე “ჰაპოელმა” მოგვიგო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ გუნდისთვის საჩემპიონო ექვსეულში მოგვეგო. ვთვლი, რომ გაგვიმართლა კიდეც, როცა კენჭისყრამ მათი მასპინძლობა გვარგუნა (რეგლამენტით, გუნდებს ქულები უნახევრდებათ და მოწინავე 6 გუნდი, ერთ წრედ ასპარეზობს ტიტულის მოსაპოვებლად). აქ გულშემატკივრის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს და თელ ავივში წარმატების მიღწევა ყოველთვის ძნელია.
ქულების განახევრების შემდეგ, 2 ქულით ვუსწრებდით “ჰაპოელს” და როცა ფლეი ოფის I ტურში, ნათანიაში წავაგეთ და მაგათ მოიგეს, უკვე 1 ქულით გაგვასწრეს. მერე ვუმასპინძლეთ ჩვენ უშუალო კონკურენტს და 2:0 დავამარცხეთ. ჩვენმა გუნდმა, რომ იტყვიან, იმ მატჩში ჩადო ყველაფერი, რაც კი შეეძლო. მთელი წლის ნაშრომი დაგვიფასდა და “მაკაბი” ისტორიაში მე-12 საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.
- თელ ავივის “ჰაპოელი” არც თასის გათამაშებაში გაძლევთ მოსვენებას.
- სხვა გზა არაა - დუბლის შესრულება თუ გვინდა, ოცდახუთ მაისს, “ჰაპოელს” ისრაელის თასის ფინალი უნდა მოვუგოთ. 45 ათასი მაყურებელი - მათგან 20 ათასი ჩვენი გულშემატკივარი იქნება, 20 ათასი მეტოქის, დანარჩენი კი, ოფიციალური პირები და სტუმრები დაესწრებიან სეზონის ბოლო შეხვედრას.
- ბილეთები ასე თანაბრად ნაწილდება?
- აქ სხვაგვარად გამორიცხულია. იმდენად დიდია ინტერესი ფინალისადმი, გამორიცხულია, რომელიმე მხარეს ნაკლები ბილეთი მისცენ.
- მაინც, რა თანხა დახარჯა თქვენმა გუნდმა სატრანსფერო მიზნებისთვის?
- მოწინავე გუნდებიდან ყველაზე ნაკლები. ჩვენმა პრეზიდენტმა ბავშვთა ფეხბურთში უფრო მეტი ფული დახარჯა ამ სეზონში, ვიდრე დიდი გუნდის ტრანსფერებში.
- და გუნდის მთავარი სტადიონის მშენებლობაში.
- სტადიონს ქალაქის მუნიციპალიტეტი აშენებს. მასზე ჰაიფას “მაკაბიც” ითამაშებს და “ჰაპოელიც”. სხვათა შორის, ეს სტადიონი “ალიანს არენის” (მიუნხენის “ბაიერნის” სათამაშო არენა) ზუსტი ასლია. ოღონდ, თუ გერმანიაში ტრიბუნები 70 ათასს იტევს, ჰაიფაში ტრიბუნები 2-ჯერ ნაკლები მაყურებლით შეივსება.  
- როგორც ვიცით, კლუბთან თქვენი კონტრაქტის ვადა იწურება.
- ხელმძღვანელობას სურს, რომ მწვრთნელებს ისევ გაგვიხანგრძლივონ კონტრაქტი, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მეც და ელიშა ლევიც “მაკაბიში” დარჩენისაგან თავს ვიკავებთ.
- მიზეზი, ალბათ სხვა, უფრო სერიოზული შემოთავაზებებია.
- 3 სეზონი ვიმუშავეთ და 2-ჯერ ჩემპიონები გავხდით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გავიდა - აქ პრაქტიკულად ყველაფერს მივაღწიეთ და მგონი, მოვიდა დრო, გარემო გამოვიცვალოთ. არის სერიოზული შემოთავაზებები უცხოეთიდან და ვნახოთ, თუ პირობებზე შევთანხმდებით, ალბათ, მე და ელიშა ლევი ერთად დავტოვებთ გუნდს.
- რომელი ქვეყნებიდანაა ეს შემოთავაზებები?
- ვარიანტებია ავსტრიიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან.
- მაინც, რომელ ვარიანტს ემხრობით?
- ამდენი ხნის დაძაბული მუშაობის შემდეგ, დავსხდებით მე და ელიშა წყნარ სიტუაციაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას, საითკენ ავიღებთ გეზს.

ვლადიმერ დვალიშვილის კარიერაში, ჰაიფას “მაკაბი” მეორე უცხოური კლუბია. რიგის სკონტოში” გატარებულ სეზონნახევარში (2008-2009), მისი საუკეთესო მიღწევა ლატვიის ვიცე-ჩემპიონობა იყო. მანამდე, ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 3 ქართული გუნდის (თბილისის და ბათუმის “დინამო”, რუსთავის “ოლიმპი”) ღირსება დაიცვა, რომელთა მაისურით, ჯერ თბილისელთა რიგებში (2004/05) გახდა ჩემპიონი, მერე რუსთაველთა (2006/07).
- ლადო, მთელი სეზონი პირველ ადგილზე იყავით და ცოტა დაგაკლდათ წლეულსაც, შარშანდელივით ბოლოში რომ დაგეკარგათ პირველობა.
ვლადიმერ დვალიშვილი:
- ამის ერთგვარი შიში მართლაც არსებობდა - “ჰაპოელი” საკმაოდ ძლიერი გუნდია და მასთან ბრძოლაში ყურადღების მოდუნებას არ პატიობს. ბედნიერი ვარ, რომ შარშანდელისთვის რევანში ავიღეთ.
- ორშაბათს, “კირიათ შმონასთან” მატჩში ფრეც გყოფნიდათ.
- კი, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობდა - მიზანი მოგება იყო და ყველაფერი კარგად დასრულდა.
- მატჩის დაწყებამდე, კლუბის პრეზიდენტმა იაკოვ შახარმა, სამხრეთაფრიკელ წეპო მასილელას პრიზი გადასცა.
-  ჩვენთან ტრადიციაა ასეთი - ფეხბურთელს გუნდში ჩატარებული მატჩების “მრგვალი” რაოდენობისთვის პრიზს გადასცემენ. მასილელა “მაკაბიში” მე-100 მატჩს ატარებდა და მის აღსანიშნავად დააჯილდოვეს. ჩემი გუნდში ყოფნისას, მახსოვს, ორჯერ გადაეცა მე-200 შეხვედრის მოთამაშეს.
- საიუბილეო თამაშები ერთია, მაგრამ შახარი, ალბათ, ჩემპიონობისთვის სერიოზულად შეითხელებს ჯიბეს.
- მასეთი კონტრაქტში გვიწერია და უკან ვერ დაიხევს. მაგრამ ისე, რომ პრემია რომელიმე პრინციპული თამაშის მოგებისთვის გასცეს, გამორიცხულია.
- ბიუჯეტის მხრივ, ჰაიფას “მაკაბი” ისრაელში რომელ ადგილზეა?
- თუ არ ვცდები, თელ ავივის “მაკაბის” და “ჰაპოელის” შემდეგ, ჩვენ მოვდივართ. მაგალითისთვის, წლევანდელ სეზონში, თელ ავივის “მაკაბიმ” ტრანსფერებისთვის 40 მილიონი დოლარი დახარჯა. როგორც მე ვიცი, ჩვენს გუნდს, ამათზე 2-3-ჯერ მეტი მატერიალური საშუალება აქვს, მაგრამ ეს კაცი მეტს არ ხარჯავს. ლოგიკა, ალბათ, ასეთი აქვს - ისედაც ვხდებით ჩემპიონები და რატომ უნდა დავხარჯოო.
- კლუბთან კონტრაქტის ვადის დასრულებამდე კიდევ 1 წელი დარჩა. ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ, გარემოს შეცვლას ხომ არ აპირებთ?
- თასის ფინალი დაგვრჩა სათამაშო და საქართველოში ჩამოვალ, ცოტას დავისვენებ და ისევ უკან რომ დავბრუნდები, მაშინ გაირკვევა, თუ სად გავაგრძელებ კარიერას.
- თქვენი სურვილი ისრაელიდან წამოსვლაა, თუ კონტრაქტის ბოლომდე აპირებთ დარჩენას?
- მე მსურს, რომ წამოვიდე გუნდიდან და თამაში სხვაგან გავაგრძელო.
- ლადო, პირადად თქვენთვის, ალბათ, შარშანდელი სეზონი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე წლევანდელი. რაც ფორვარდისთვის მთავარია, ნაკრებშიც და კლუბშიც უფრო მეტი გოლი შარშან გაიტანეთ.
- მთავარია, თებერვალში მიღებული ტრავმა, რომელმაც ბევრი თამაში გამომატოვებინა. კი მართალია, ჩემპიონატზე ახლა 12 გავიტანე, შარშან 16, მაგრამ მიმაჩნია, რომ წლეულს ნაჩვენები თამაშების ხარისხი უკეთესი იყო.
- ალბათ, თელ ავივში ისრაელის ნაკრებთან გაცუდებული მომენტი კიდევ დიდხანს დაგამახსოვრდება.
- ჩემს მდგომარეობას ყველაზე მეტად ფეხბურთელი გაიგებს. ეს იყო მომენტი, რომლის რეალიზება ჩემზე მეტად არავის უნდოდა. როგორც ჩანს, გატანის სურვილმა ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა ჩემზე და რეალური მომენტი ვერ გამოვიყენე. ოღონდ ის გოლი გამეტანა და მეტი არაფერი მინდოდა.
- თასის ფინალამდე, ჩემპიონატზე კიდევ ერთი მატჩი დაგრჩათ.
- ალბათ, იმ შეხვედრას მე არ ვითამაშებ, რადგან 4 ყვითელი ბარათი მაქვს მიღებული და ერთიც რომ მივიღო, ფინალის გამოტოვება მომიწევს. უკვე ჩემპიონები ვართ და მწვრთნელებმა, წესით, მეორე შემადგენლობა უნდა დააყენონ.  
- დუბლზე რომ არაფერი ვთქვათ, კარგა ხანია, “მაკაბის” თასი არ აუღია.

- ჩვენ გუნდს, ქვეყნის თასი ბოლოს 1998 წელს აქვს მოპოვებული და მის დაუფლებას აქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. დუბლს რაც შეეხება, როგორც ვნახე, სულ ერთხელ აქვს “მაკაბის” იგი შესრულებული და ისიც 20 წლის წინათ.  
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი


 
 
 

0.136596