კალათბურთი

15:05 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთთან 4 ქულით წააგო

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დავით უსტიაშვილის გუნდი ტურნირზე პირველი მოგების მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ შვედეთთან ბოლო წამებზე მარცხი განიცადა – 62:66.

შვედეთმა ჩვენამდე საკვალიფიკაციო ჯგუფში მასპინძელი ესტონეთი დაამარცხა, ხოლო ბულგარეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 57:61 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც აღნიშნულ გუნდებთან უიმედოდ წააგო, შვედეთს შეუპოვარი ბრძოლა გაუმართა. მთელი თამაშის განმავლობაში, ლიდერი განუწყვეტლივ იცვლებოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე.

პირველი მეოთხედის შემდეგ, უსტიაშვილის გუნდი 3 ქულით იგებდა, დიდი შესვენებისთვის კი ანგარიში თანაბარი – 35:35 იყო. ფრე დაფიქსირდა მესამე პერიოდის ბოლოსაც და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდებოდა. ასეც მოხდა: ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 3.50 წუთით ადრე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო – 62:62.

გადამწყვეტ მომენტში შვედებმა უფრო მეტი სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. 62:64 ჩამორჩენილმა ქართველებმა არაერთი გამთანაბრებელი სროლა ააცილეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ბოლო წუთზე ბურთი შვედებმა მოიპოვეს და მათზე ქართველები დაჯარიმდნენ.

საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე შვედების ფორვარდმა ჯონათან პერსონსმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, სკანდინავიელები 66:62 დააწინაურა და ქართველებს იმედები გადაუწურა. თამაშის უკანასკნელი 7 წამში რევაზ როგავამ ორჯერ ესროლა 3-ქულიანი, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო H ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ახლა დარჩენილი ორივე შეხვდრა უნდა მოიგოს, A დივიზიონში რომ დარჩეს.

საქართველო ესტონეთთან ან შვედეთთან (გააჩნია, რომელი დაიკავებს ჯგუფში მე-3 ადგილს), ჩეხეთთან და უკრაინასთან ერთად 17-20 ადგილებს გაინაწილებს.

პირველ მატჩში უსტიაშვილის გუნდი უკრაინას შეხვდება, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, მეორე წყვილს კი ჩეხეთი და ესტონეთი ან შვედეთი შეადგენენ.

ამ წყვილებში გამარჯვებული გუნდები მე-17 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან და გამარჯვებული ელიტარულ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. დანარჩენი 3 გუნდი კი მომავალ სეზონში B დივიზიონში იასპარეზებს. 

 

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 17 ივნისი

საქართველო – შვედეთი 62:66 (19:16, 16:19, 17:17, 10:14)

www.gbf.ge

0.08062