საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბულგარეთთანაც წააგო. ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, დავით უსტიაშვილის გუნდმა სხვა უიღბლოებთან ერთად ბრძოლა საკვალიფიკაციო ჯგუფში, A დივიზიონში დასარჩენად დაიწყო, თუმცა უკვე მეორე შეხვედრა დათმო.
პირველი მატჩი ქართველებმა ესტონეთთან წააგეს, დღეს კი ბულგარელებთან ვერაფერი გააწყვეს და დიდი სხვაობით – 44:85 დამარცხდნენ. ისედაც ტრავმებით გატანჯულ საქართველოს ნაკრებს ბექა ბურჯანაძის და გიორგი ცირეკიძის შემდეგ, ნიკა რამიშვილიც გამოაკლდა. ბულგარელებთან მატჩში განაცხადში მხოლოდ 10 კალათბურთელი იყო. რამიშვილმა წინა მატჩში – ესტონეთთან ტრავმა მიიღო და ნაკრებს ვეღარ ეხმარება.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ შვედეთთან გამართავს. უკვე ცხადია, რომ საქართველო საუკეთესო ორ გუნდში ვეღარ მოხვდება და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩარჩენილების მსგავსად, ბრძოლა 17-20 ადგილებისთვის მოუწევს. A დივიზიონში მხოლო მე-17 ადგილის მფლობელი რჩება, ბოლო 3 გუნდი კი B დივიზიონში ვარდება.
www.gbf.ge