ქართველმა სამბისტთა ნაკრებმა თბილისში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური ჩემპიონობით დააგვირგვინა, გოგონებმა კი ყველასთვის მოულოდნელად, 4 მედლის მოპოვება შეძლეს და რაც მთავარია, პირველად, სამბოს ისტორიაში, ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
გუშინ სპორტის სასახლეში მედლების 12 კომპლექტი გათამაშდა. 18 და 20-წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, წინასწარი ეტაპის შეხვედრებს ფინალები პირდაპირ მოაყოლეს. გადამწყვეტი შეხვედრებისთვის განკუთვნილ დროს კი, სტუმარ-მასპინძლებმა რესტორანს მიაშურეს.
8-9 ოქტომბერს ნაჩვენები შედეგებით, ქართული გუნდები უშუალო კონკურენტს გვარიანი უპირატესობით უსწრებდნენ და იმთავითვე ცხადი იყო, რომ ათ ოქტომბერს, გუნდური პირველი ადგილის ოფიციალურად გასაფორმებლად თითო ოქროც ეყოფოდათ. ახალგაზრდებმა სულაც, ჯერ კიდევ ფინალური ბრძოლების დაწყებამდე გაინაღდეს ჩემპიონობა – მას შემდეგ, რაც გენადი ჩირგაძემ (57 კგ) ნახევარფინალში იმარჯვა, ხოლო არჩილ შინჯიკაშვილმა (100 კგ) მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
ჩირგაძე ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო. ტაჯიკ აკმალიდინ კარიმოვს მტკივნეული ილეთით მოუმთავრა საქმეს. შემდეგ უმთავრეს კონკურენტს, რუს ვიაჩესლავ ბატრაკოვს 4:2 მოუგო. ოქროს მედალს კი მონღოლი ცედენ-იშ რაახანჯანის ძლევით (3:1) დაეუფლა.
შინჯიკაშვილმა პირველსავე მოწინააღმდეგესთან, უზბეკ შოხრუხ კუჩკაროვთან დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 წააგო. მას შემდეგ, რაც კუჩკაროვმა შემდეგი შეხვედრაც მოიგო და ფინალის საგზური გაინაღდა, ქართველი სპორტსმენი პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც გადამწყვეტი გამარჯვება ყაზახ ჩინგიზ შოპკუტოვთან მოიპოვა.
ახალგაზრდებს შორის ლეიბზე ზებედა რეხვიაშვილიც (74 კგ) გავიდა და პირველსავე წრეში, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, მსოფლიოს ბელარუსი ჩემპიონი, ევგენი ალექსევიჩი საშინელ დღეში ჩააგდო – ოთხ წუთში 15 უპასუხო ქულა აუღო. უიღბლო წილისყრა მარტო ამით როდი დასრულდა. ყველა ძლიერი სამბისტი ქართველის ბადეში მოხვდა და თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ოქროს მედალს რომელიმე მათგანი დაეუფლებოდა. ბელარუსული ბარიერის გადალახვის შემდეგ რეხვიაშვილმა აზერბაიჯანელ სამირ კარიმოვს 3:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუს გიორგი ლებედევს დაუპირისპირდა. შეხვედრის ბედი ერთმა ორქულიანმა ილეთმა გადაწყვიტა, რომელიც ლებედევმა შეასრულა, მაგრამ გარედან ისე ჩანდა, რუსმა გდება ლეიბის გარედან წამოიწყო და დაასრულა. ეჭვი იმანაც გაამყარა, რომ ქართველმა სპორტსმენმაც იფიქრა, ბრძოლა შეჩერებულიაო და მეტოქეს გდებაზე თავად გადაჰყვა. მსაჯმა კი ზებედასა და ქართველი გულშემატკივრების გასაკვირად, ილეთი შეაფასა. დარჩენილ დროში რეხვიაშვილმა მხოლოდ ის შეძლო, რომ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა. ბრინჯაოს ბრძოლაში აბსოლუტურად განსხვავებული ზებედა რეხვიაშვილი ვიხილეთ. ოქრო-ვერცხლის დაკარგვამ საბრძოლო ჟინი აბსოლუტურად დაუკარგა, მტკივნეულ ილეთზე წამოეგო და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, რეხვიაშვილი და შინჯიკაშვილი ორიოდ კვირაში თავიანთ უმთავრეს სახეობაში – ძიუდოში გამოვლენ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ისევე როგორც ლაშა გიუნაშვილი, რომელმაც სამბოში ჭაბუკთა შორის, 56 კილოგრამში იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა. ოქროს გზაზე მან აზერბაიჯანელი პარვიზ შუკუროვი და ფრანგი დან გოვი მტკივნეული ილეთებით ჩამოიცილა, ნახევარფინალში ვიქტორ მანუელ ერნანდესს 13 უპასუხო ქულა აუღო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან ბაღდასარიანთან მინიმალური უპირატესობა იკმარა და ინდივიდუალური ჩემპიონობით გუნდური წერტილიც დასვა. ბადრი ჯანიაშვილის გუნდმა ოქროს მედალი სწორედ გიუნაშვილის ამ გამარჯვებით გაინაღდა. იქამდე ალექსანდრე მილდიანს (87 კგ) უკვე ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული, ხოლო მიხეილ ჩოხელს (70 კგ) წინ ფინალი ელოდა.
მილდიანმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, სომეხ რუდოლფ ვოსკანიანთან წაგებით. იქამდე მონღოლი ერდენესაიხამ ჩინზორიქტი დაძაბულ ბრძოლაში ჩამოიცილა. “ბრინჯაოს ფინალში” კი ბელარუს ვიტალი ზიანკოს აჯობა. მიხეილ ჩოხელი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსმა კამალ ბაიკულოვმა არ აუშვა. ოქროს ბედი სუფთა გდებამ გადაწყვიტა. ფინალამდე ქართველი სამბისტი უკრაინელი ვასილ ტურიევის, უზბეკი იაჰონგირ მაშარიპოვისა და ბელარუსი პაველ ხმუროვიჩის ძლევით მივიდა.
გუშინვე ჩოხა სამმა ქართველმა გოგონამაც მოირგო და მიუხედავად იმისა, რომ სამივე პირველსავე მეტოქესთან დამარცხდა, ორ მათგანს ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ესეც ეყო. ცირა აბულაძე (48 კგ) და შორენა შარაძე (64 კგ) მონაწილეთა მცირე რაოდენობამ გააპრიზიორა.
საქართველოს ნაკრებმა 20 მედალი დააგროვა. ახალგაზრდებმა და ჭაბუკებმა ერთნაირი შედეგები აჩვენეს - 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. 4 მედალი (1 ოქრო და 3 ბრინჯაო) კი გოგონების ანგარიშზეა. თბილისური მსოფლიოს პირველობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნინო ოძელაშვილის (72 კგ) ტრიუმფი გახდა. აქამდე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ ქალს ოქროს მედალი არასოდეს მოეპოვებინა და ძიუდოისტმა ოძელაშვილმა (72 კგ) უახლესი ქართული ისტორია დაწერა.
გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ქართველებს კვალში რუსები ჩაუდგნენ. მესამე პოზიციაზე ჭაბუკებში ბელარუსები განთავსდნენ, ახალგაზრდებში – ყაზახები. 18 და 20 წლამდე გოგონებში კი რუსეთს კონკურენცია ვერავინ გაუწია. მეორე-მესამე ადგილებზე ყაზახეთი და ბელარუსი გადანაწილდნენ.
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი
თბილისი. 10 ოქტომბერი
ვაჟები
ახალგაზრდები
57 კგ
1 გენადი ჩირგაძე (საქართველო)
2 ცედენ-იშ რაახანჯანი (მონღოლეთი)
3 ვიაჩესლავ ბატრაკოვი (რუსეთი)
3 კაზბეკ სუპინგალიევი (ყაზახეთი)
74 კგ
1 გიორგი ლებედევი (რუსეთი)
2 ალბერტ კარანიანი (სომხეთი)
3 ნიკიტა ტიშენკო (უკრაინა)
3 ილია დროვნჟაშინი (ესტონეთი)
100 კგ
1 დანილა სტრელცოვი (რუსეთი)
2 შოხრუხ კუჩკაროვი (უზბეკეთი)
3 არჩილ შინჯიკაშვილი (საქართველო)
3 ტიგრან ანტონიანი (სომხეთი)
ჭაბუკები
56 კგ
1 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)
2 რუსლან ბაღდასარიანი (რუსეთი)
3 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)
3 პარვიზ შუკუროვი (აზერბაიჯანი)
70 კგ
1 კამალ ბაიკულოვი (რუსეთი)
2 მიხეილ ჩოხელი (საქართველო)
3 იბაედი დევაშტიჩი (ტაჯიკეთი)
3 პაველ ხმუროვიჩი (ბელარუსი)
87 კგ
1 რუსლან კისილიოვი (რუსეთი)
2 რუდოლფ ვოსკანიანი (სომხეთი)
3 ალექსანდრე მილდიანი (საქართველო)
3 რომან ლადოვი (უკრაინა)
გოგონები
20 წლამდე
52 კგ
1 ელენა პენერი (ყაზახეთი)
2 დილდორა უბაიდულაევა (უზბეკეთი)
3 კაციარინა ნახაენკა (ბელარუსი)
3 ესტელ ფრიკინი (საფრანგეთი)
64 კგ
1 ტატიანა კაზეინიუკი (რუსეთი)
2 ვოლჰა მალეიკა (ბელარუსი)
3 შორენა შარაძე (საქართველო)
3 ფარიდა დოსიმბეკოვა (ყაზახეთი)
80 კგ
1 ტერეზა ძუროვა (ბულგარეთი)
2 ტატიანა ტიმონინა (რუსეთი)
3 განა შერბანი (უკრაინა)
3 აკმარალ ჩინგისხანოვა (ყაზახეთი)
18 წლამდე
48 კგ
1 ეკატერინა მიხაილოვა (რუსეთი)
2 დოეგორჟოვ მაგსარსავი (მონღოლეთი)
3 ცირა აბულაძე (საქართველო)
3 იულია ლუჩკოვა (ბელარუსი)
60 კგ
1 მარია შკვარუნეცი (რუსეთი)
2 ეკატერინა გრეცუ (მოლდოვა)
3 ტამარა პანტალეევა (ბულგარეთი)
3 მარია მაზანი (უკრაინა)
75 კგ
1 ქსენია ისაევა (რუსეთი)
2 ლიუდმილა ნიკიტინა (უკრაინა)
3 ნატალია რეპეშკო (მოლდოვა)
შენიშვნა: ამ წონაში მხოლოდ 3 სამბისტი გამოვიდა
ოთარ მაღლაკელიძე