ფეხბურთი

2:08 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

2:0 - ლორიას ნახტომები, ოქრიაშვილის ფაქტორი, დვალიშვილის ნავსის გატეხვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ხერესში გამართულ ამხანაგურ მატჩში  2:0 სძლია საუდის არაბეთს, რომელსაც ერთ დროს მადრიდის “რეალში” ნამუშევარი მწვრთნელი ლოპეს კარო თავკაცობს. მოგება კარგია, მაგრამ უსიამოვნოა, როცა მეტოქე ამდენ საგოლე მომენტს ქმნის. ის მეტოქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოლდოვასთან 0:4 განადგურდა.

საწყის 12 წუთში ქართველთა კარი ორჯერ გადარჩა: ორივე ეს შეტევა მარჯვნიდან განახორციელეს და ორივეჯერ ალ შეჰრიმ გაინავარდა. ჯერ თავად, ურტყამდა და მცველები გადაეღობნენ, ხოლო ორ წუთში საჯარიმოში გააკეთა პასი და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალ შამრანიმ 100-პროცენტიანი შანსი გააცუდა – ახლოდან კარს ააცილა. მალევე, ოთარ მარცვალაძე ურტყამდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. 

სანახაობრივად ცუდი თამაში გამოდგა. ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა რაიმე გააზრებული კომბინაციის გათამაშებას, მოშლილი იყო გუნდური მოქმედება. ქართველთაგან სხვებთან შედარებით აქტიურობდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც შეტევის მარცხენა ფლანგზე გახლდათ. მარჯვნიდან სანდრო კობახიძე თამაშობდა, გამთამაშებლობა ვაკო ყაზაიშვილს დაეკისრა, ხოლო ერთადერთ ფორვარდად ოთარ მარცვალაძე მოქმედებდა.

ქეცბაიამ დაცვაში, ნაკრების სასტარტოში პირველად დააყენა საბა კვირკველია და ბოლომდე ათამაშა კიდეც. მას აკაკი ხუბუტია შეუწყვილა, ხოლო ფლანგებზე უჩა ლობჟანიძე და გია გრიგალავა იყვნენ გამწესებულნი. საყრდენებად კი ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობდნენ.

ბევრ ქართველს ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის არქონა. მაგალითად, კობახიძე სულ სხვაგვარი გვახსოვს შარშანდელი მატჩებიდან – ამჯერად ბევრი ბურთი დაკარგა, ვერ ამწვავებდა შეტევებს. გრიგალავას კი, მართალია პრაქტიკა არ აკლდა “ანჟიში”, თუმცა პირველ ტაიმში არაბების ყველა თითქმის ყველა შეტევა მისი ფლანგიდან ვითარდებოდა. მეორე ნახევარში შედარებით გამოასწორა გრიგალავამ თამაში.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, არაბები თითქოს უფრო მეტს უტევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, გოლი მათ კარში გავიდა. ოქრიაშვილმა საჯარიმოს უფლება მოიპოვა და თავადვე მშვენივრად შეასრულა – მაღალ კუთხეში დაურტყა მეკარეს და მისი ნახტომი ამაო გამოდგა. 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ყაზაიშვილმა გარღვევას დარტყმაც მიაყოლა და ბურთი კარს ზემოდან გადასცდა, ხოლო შემდეგ დადგა 5-წუთიანი მონაკვეთი, როცა მეკარე გიორგი ლორიამ ზედიზედ სამჯერ გადაარჩინა თავისიანები: 1. არაბებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ალ მუვალადი ახლოდან ურტყამს და ლორია იგერიებს; 2. ალ დოსარიმ შორიდან გაისროლა და ლორია ნახტომში იგერიებს კუთხურზე; 3. ქართველებმა ცენტრში დაკარგეს ბურთი, არაბებმა სწრაფად გაათამაშეს და  ბოლოს ალ შამრანი ხუთიოდე მეტრიდან ურტყამდა, თუმცა ლორიამ “მკვდარი” ბურთი მოიგერია ფეხით.

რაშიც ქართველები აშკარად სჯობდნენ მეტოქეს, მეორე სართულზე თამაში იყო. განსაკუთრებით კვირკველიამ და ხუბუტიამ ითამაშეს კარგად – ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგეს.

თემურ ქეცბაიამ არაბების ასეთი შემოტევა რომ დაინახა, შემტევი ყაზაიშვილის ნაცვლად, მცველი ლევან კაკუბავა შემოიყვანა, ოღონდ საყრდენად დააყენა. მოგვიანებით, ქეცბაიამ კიდევ უფრო შეამცირა შემტევთა რიცხვი: კობახიძის ნაცვლად გიორგი პაპავა (დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში), ხოლო ოქრიაშვილის ნაცვლად ლევან ხმალაძე ჩართო თამაშში.

ეს მოგვიანებით, შეცვლამდე სამი წუთით ადრე კი ოქრიაშვილმა საგოლე პასი მიითვალა: მარჯვნიდან დაბალი პასი გააკეთა, ლადო დვალიშვილმა კი ვარდნაში დაასწრო მცველს და ახლოდან გაიტანა – 2:0. დვალიშვილს 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ ჰქონდა ნაკრებში გატანილი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სჭირდებოდა.

ბოლოს ხმალაძის თავურიც ვიხილეთ, რომელიც არაზუსტი გამოდგა. არაბები კიდევ ეცადნენ გატანას, თუმცა ბოლოს მწვავედ ვეღარ ირჯებოდნენ. მანამდე ბევრი შანსი მიეცათ და თავიანთ თავს, უფრო კი, ლორიას დააბრალონ.

შეგახსენებთ, 3 ივნისს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეთამაშება შვეიცარიაში.

 

საქართველო – საუდის არაბეთი 2:0 (1:0)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (სალუქვაძე 77), საბა კვირკველია, ხუბუტია, გრიგალავა, კაშია (ძარია 46), კანკავა, ყაზაიშვილი (კაკუბავა 58), ოქრიაშვილი (ხმალაძე 74), კობახიძე (პაპავა 69), მარცვალაძე (დვალიშვილი 46). 

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

საუდის არაბეთი: ალ ქარნი, ჰაუსავი, ალ ბიში (მოთაზი 46), ფალათაჰი (ზუბაიდი 81), რაშიდი (გალები 66), ალ ხაიბრი, ალ შეჰრი (ალ იასიმი 55), ალ დოსარი (ალ ბაშასი 87), ალ შამრანი (ასირი 73), ალ მუვალადი.

მწვრთნელი: ლოპეს კარო. 

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (45+2), 2:0 დვალიშვილი (71).

გაფრთხილება: რაშიდი (45+1), გრიგალავა (45+1).

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი).

0.555411