მოსკოვი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის თასს მასპინძლობს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც ჩავიდა, მაგრამ სამეულში შესვლის შანსი ორდღიანი გუნდური ტურნირის პირველსავე დღეს დაკარგა. ზაზა თურმანიძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რუსეთისა და თურქეთის ქვეჯგუფში მოხვდა და ორივე ნაკრებთან დამარცხდა.
ქართველები რუსულ ხალიჩაზე გიორგი გოგშელიძისა (96 კგ) და დავით მოძმანაშვილის (120 კგ) გარეშე გავიდნენ. ამ ორ დანაკლისს ექსპერიმენტებიც დაემატა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მალხაზ ზარქუამ, დავით ხუციშვილმა და დავით მარსაგიშვილმა არა მშობლიურ წონით კატეგორიებში, არამედ თითო წონით მაღლა იჭიდავეს და რა გასაკვირია, თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა რომ ვერ მოახერხეს.
რუსეთთან დაპირისპირებისას გამარჯვებულის ბედი პირველ ოთხ შეხვედრაში გაირკვა - გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) ნარიმან ისრაპილოვთან წააგო, ხინჩეგაშვილმა (60 კგ) – ოპან სატთან, ზარქუამ (66 კგ) – სოსლან რამონოვთან, ხოლო გელა საღირაშვილმა (74 კგ) – მუსლიმ დადაევთან. ხუციშვილისა (84 კგ) და ანზორ ურიშევის შეხვედრის შემდეგ ანგარიში 0:5 გახდა. მარსაგიშვილმა (96 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) კი პრესტიჟის ქულების მოპოვება მოახერხეს. მარსაგიშვილმა თავისზე ბევრით მძიმე მაგომედ მუსაევს აჯობა, საკანდელიძემ – კირილ გოტოვცევს.
თურქეთთან შეხვედრა ქართველთათვის გაცილებით სასიამოვნოდ დაიწყო. ედიშერაშვილმა და ხინჩეგაშვილმა თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს და საქართველო 2:0 დაწინაურდა. ზარქუაც იმარჯვებდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო – 2:1. საღირაშვილმა ორქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საერთო ანგარიშიც გათანაბრდა. მომდევნო ორი ჭიდაობაც თურქთა სიხარულით დასრულდა და ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრების ვინაობაც ნაადრევად გაირკვა. საკანდელიძემ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა – 3:4.
მეორე ქვეჯგუფში პირველი ადგილი აზერბაიჯანელებმა დაიკავეს და ფინალში რუსეთს დაუპირისპირდებიან. საბოლოო, მესამე ადგილისთვის თურქეთი და ბულგარეთი იჭიდავებენ. საქართველოს ნაკრების მეტოქე კი ბოლოსწინა, მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში ბელარუსი იქნება.
ცნობისთვის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფინალიც რუსულ-აზერბაიჯანული იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე