ფეხბურთი

0:12 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "არ მინდა არასწორი მოლოდინი გავუჩინო გულშემატკივარს, რადგან ეს პრობლემაა"

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა რუმინულ „კრაიოვა უნივერსიტატეასთან“ გამარჯვება შეაფასა. ქართველი სპეციალისტი კმაყოფილი და ბედნიერი იყო გუნდის თამაშით.

თუმცა, თავი შეიკავა პროგნოზისგან და მოლოდინისგან შემდეგ ეტაპთან დაკავშირებით. მისი თქმით, არასწორი მოლოდინის შექმნა პრობლემაა.

„პირველ რიგში მადლობა ქართულ მედიას, ყოველთვის გვერდში გვიდგეხართ. ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ჩვენს სასარგებლოდ, ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება ბრძოლა, რადგან ერთია ფურცელზე და მეორე მინდორზე.

ყოველთვის ვართ წილისყრაზე დამოკიდებული, ეს რეალობაა. სანამ, ასე ვიქნებით რაღაცაზე დამოკიდებული, მანამდე ვფიქრობ, რომ ვინმეს არასწორი მოლოდინი გავუჩინოთ. ამიტომ, ვერ გეტყვით, რისი მოლოდინი მაქვს მომდევნო ეტაპზე. როდესაც ვაგებთ რატომ გვეჩხუბებიან და რატომ გვლანძღავენ? იმიტიმ, რომ არასწორ მოლოდინებს ვუქმნით ხალხს. დღეს ძლიერი მეტოქე გავაგდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ აუცილებლად ჯგუფში გავალთ. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებული და ვეცდებით ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყო დამოკიდებული.

ყველა გამარჯვება კარგია, მნიშვნელობა არ აქვს, სად მოიგებ, სახლში თუ გასვლაზე. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთან ერთად აქ ყოფნა გულშემატკივრებსაც შეძლებოდა. წინა წელს ქომაგს იმედგაცრუების მეტი ვერაფერი მივეცით და დღეს გვქონდა შანსი, მაგრამ არაუშავს, ტელევიზორებთან ხომ გაიხარეს.

ნიკა სანდოხაძე კარგადაა, გამოკვლევაზე შეიყვანეს, ექიმი, რომელიც მას გაჰყვა, გვითხრა, რომ კარგადა. თავში ჰქონდა დაზიანება, თუმცა, სერიოზული წესით არაფერი უნდა იყოს. მან ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და მთელი გუნდი აიყოლია. კარგი იქნება თუ მალე დაგვიბრუნდება და არის წინაპირობა, რომ არაფერი სერიოზული დაზიანება არაა.

საერთოდ, მგონია, რომ ქართველებს მეორე ნომრად თამაში გვიჭირს. გაგვიმართლა, რომ პირველივე წუთებზე მეტოქის უპირატესობა გოლში არ გადაიზარდა და შემდეგ უკვე ძალიან კარგად ვითამაშეთ, მართლა ფეხბურთი ვითამაშეთ.

ხარისხობრივად, როგორც დღეს ვითამაშეთ, სისწრაფეებით, გადაადგილებით კუთხით როგორც ვიყავით პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან, ასე რომ ვიყოთ 90 წუთი კმაყოფილი ვიქნები. ხანდახან არის გამოუვალი მდგომარეობა, ეს იქედან მოდის, რომ მინდორზე უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მატჩში სათამაშო დისციპლინა ძალიან კარგი იყო, მაგრამ სტაბილურად რომ დავიწყებთ ასეთ თამაშში, კმაყოფილი ვიქნები. მაგალითად კირკიტაძე, მას პირველ ტაიმში ვერ აჩერებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმშიც ასე რომ ეთამაშა, გოლს არ გავუშვებდით“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროტურნირებზე 21-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ეტაპის გადალახვა. „რკინიგზელთა“ მომდევნო მეტოქე 31 აგვისტოს, წილისყრით გაირკვევა.

0.105804