ავტოსპორტი

14:47 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სატომ ინდი 500-ის მოგებისთვის 1.37 მილიონი დოლარი მიიღო

ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლის გამარჯვებულმა, იაპონელმა ტაკუმა სატომ ჯილდოდ 1.37 მილიონი დოლარი მიიღო. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ ჯილდოზე, რომელიც „რეიჰოლ ლეტერმან ლანიგანის“ პილოტმა 2017 წელს, ინდი 500-ზე თავისი პირველი გამარჯვების შემდეგ მიიღო.

104-ე ინდი 500-ის საპრიზო ფონდი, ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ მცირე, 7 502 500 დოლარი იყო. ეს თანხა, რბოლის მონაწილე 33-ვე პილოტს გაუნაწილდა. თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ საპრიზო ფონდი 15 მილიონს მიაღწევდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გარემოებათა გამო, ასე არ მოხდა. თანხა იმის გამო შემცირდა, რომ ორგანიზატორებმა მაყურებლის დასწრებიდან მილიონობით დოლარი ვერ მიიღეს.

როგორც გამოცემა „ინდიანაპოლის სტარი“ იტყობინება, რბოლის საპრიზო ფონდი, 1991 წლის შემდეგ ასე დაბალი არ ყოფილა. ამასთან, გამარჯვებულმა 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ჰონორარი მიიღო. ცნობისათვის, სატომ 2017 წელს გამარჯვებისთვის 2 458 129 დოლარი გამოიმუშავა. შარშანდელმა გამარჯვებულმა, ფრანგმა სიმონ პაჟენომ 2 669 529 დოლარი მიიღო, იმავე რბოლის საპრიზო ფონდი კი 13 090 536 დოლარი იყო.

ახალზელანდიელ სკოტ დიქსონს, ვინც 111 წრის განმავლობაში, პელოტონს სათავეში ედგა, მეორე ადგილისთვის 505 000 დოლარი ერგო, მესამე ადგილზე გასულმა გრემ რეიჰოლმა კი 403 500 დოლარი მიიღო.

0.148426