ფეხბურთი

22:08 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინებით დაწყებული და დამთავრებული გამარჯვება (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგაში ყაზანის „რუბინმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელია კი შესანიშნავ ფორმაშია. ქართველმა „უფასთან“ მატჩში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ გამარჯვებაში მაინც უდიდესი წვლილი შეიტანა.

უგოლო პირველი ტაიმის მერე „რუბინი“ სწრაფადვე დაწინაურდა. 47-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე დრიბლინგი განახორციელა, რომელიც გოლით ყაზანელთა ახალწვეულმა ჰვან ინ-ბომმა დაასრულა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა მალევე უპირატესობა დენის მაკაროვის გოლით გაზარდა, ხოლო საბოლოო შედეგი მანვე დააფიქსირა. მაკაროვი დუბლს ვერ შეასრულებდა, რომ არა კვარაცხელია, რომელმაც მარცხენა ფლანგზე აქტიურობის შემდეგ დაარტყა, მეკარემ მოიგერია და დამატებაზე მაკაროვმა ცარიელი კარი დალაშქრა.

ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ულამაზეს გოლთან ახლოს იყო, მაგრამ მეკარემ საოცარი სეივი შეასრულა. ტრავმირებულ ჯიმი ტაბიძეს „უფაში“ არ უთამაშია. „რუბინმა“ 7 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 აგვისტოს, „ტამბოვს“ უმასპინძლებს.

ვოლგოგრადის „როტორში“ სოლომონ კვირკველიას დებიუტი შედგა. ქართველმა მოსკოვის „სპარტაკთან“ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილმა, თუმცა თავიანთი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნეს. სხვათა შორის, ჩვენებურებს ურიგოდ არ უთამაშიათ, კვირკველია ჯერ იდეალურ ფორმაში არაა, მაგრამ ალბათ მალე მოახერხებს კონდიციებს აღდგენას და პენალტიც საკმაოდ საკამათო იყო, დავითაშვილი კი ყველაზე აქტიური გახლდათ შეტევაში, საოცარი დრიბლინგიც შეასრულა, მაგრამ მეკარემ აჯობა, შემდეგ მეორედ ჰქონდა შანსი და სუსტად დაარტყა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ჯარიმა თითქმის უნაკლოდ შეასრულა, თუმცა ხარიხამ შეუშალა ხელი...

ერთადერთი გოლი მოსკოველებმა პენალტით მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს, რომელიც კვირკველიას მხრიდან თამაშის წესების დარღვევას მოჰყვა, ქართველმა ამავე მომენტში ყვითელი ბარათიც მიიღო. „როტორს“ ერთადერთი ქულით ბოლო ადგილი უკავია და შემდეგ შეხვედრას 29 აგვისტოს, სტუმრად „ხიმკისთან“ გამართავს.

0.121137