იაპონლი ტაკუმა სატოს გამარჯვებით დასრულდა ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისიდან აგვისტოში გადმოიტანეს და მაყურებლის გარეშე ჩატარდა. სატომ ინდი 500 ბოლო ოთხ სეზონში მეორედ მოიგო, რაშიც რბოლის მიწურულს მომხდარი ავარია და რბოლის ორი წრით ადრე შეწყვეტაც დაეხმარა.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იაპონელს გამარჯვება არ დაუმსახურებია. მან დაძაბულ ბრძოლაში შეძლო ახალზელანდიელი სკოტ დიქსონის ჩამოტოვება, რომელმაც რბოლის დიდი ნაწილი, პელოტონის სათავეში გაატარა. დაწინაურების შემდეგ, სატომ სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა და რბოლის მიწურულს (ფინიშამდე 4 წრით ადრე), სპენსერ პიჟოს ავარიამ უპირატესობის შენარჩუნება გაუადვილა. რბოლა ფინიშამდე 2 წრით ადრე, მხოლოდ იმისთვის განახლდა, რომ სატოს, დიქსონს და მესამე ადგილზე მყოფ გრემ რეიჰოლს სიმბოლურად გადაეკვეთათ აგურების იარდი/ფინიშის ხაზი.
აღსანიშნავია, რომ 43 წლის სატო, ვინც ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტია, ინდი 500-ის ისტორიაში პირველი იაპონელი ჩემპიონია. და ახლა მან დიდი რბოლა მეორედაც მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დიქსონს ინდი 500 ერთხელ, 2008 წელს აქვს მოგებული (პოულიდან) და ხუთჯერ ინდიქარის ჩემპიონი იყო. ამჯერად მან ლიდერის როლში 111 წრე გაატარა, მაგრამ 180-ე წრეზე (200-დან) სატომ მისი ჩამოტოვება შეძლო. იაპონელმა ლიდერობა ბოლო პიტ სტოპის შემდეგაც შეინარჩუნა, რომელიც მეტოქეზე სწრაფად შეასრულა. ახალზელანდლმ ორჯერ ძლიერი შეტევა წამოიწყო, მაგრამ ლიდერმა ორჯერვე შეძლო მოგერიება. ბოლოს ისინი წრეზე ჩამორჩენილებს დაეწივნენ და მათ დევნაში, ერთმანეთისთვის ვერ მოიცალეს. და როცა ისინი ჩამოიტოვეს, პიჟოს ავარიაც მალე მოხდა.