ფეხბურთი

2:37 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "უნდა შევეგუოთ, რომ ფეხბურთში ზოგჯერ იღბალი გადამწყვეტია"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის აზრით, თამაშის ბედი ერთმა გოლმა ლოგიკურად გადაწყვიტა და მის გუნდს რომ გაეტანა, გამარჯვებასაც მოიპოვებდა.

„მოედანზე გული და ყველაფერი დავტოვეთ. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ფინალში შეგიძლია, მაგრამ სხვა არაფერი. შედეგი ვერ გავაკონტროლეთ. თამაშამდე ვფიქრობდი, რომ ერთი გოლი გადამწყვეტი იქნებოდა. ორ სუპერგუნდს შორის ერთგოლიანმა სხვაობამ განაპირობა შედეგი. ვამაყობ ჩემი გუნდით, რაც ვანახეთ ბოლო მატჩებში. მწვრთნელს შეუძლია სწორედ ეს მოითხოვოს, მაგრამ სხვა არაფერი.

დღეს გოლი დაგვაკლდა. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეტოქემ გაიტანა. დარწმუნებული ვარ, პირველი ჩვენ რომ გაგვეტანა, თამაშს 1:0-ს მოვიგებდით. რა თქმა უნდა, გვინდა ნეიმარმა და კილიანმა ყოველთვის გაიტანონ, მაგრამ შეუძლებელია ამის მოთხოვნა.

ვამაყობ ნეიმარით, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი კლასი და თავისი ძლიერი მენტალიტეტი. მბაპეს რაც შეეხება, მისთვის რთული თამაში იყო, რადგან მძიმე ტრავმა ჰქონდა და ბევრი ვარჯიში გამტოვა. სასწაულია, რომ ჩვენთან ერთად იყო.

ბოლო კვირებში ყველაფერი ვაჩვენეთ, რაც აუცილებელია ტიტულის მოსაგებად. მაგრამ ფეხბურთში უნდა შეეგუო, რომ ზოგჯერ ასეთი ტიპის მატჩებში იღბალი მთავარი ფაქტორია. საგოლე შანსები შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ, თუმცა ვერავის დავადანაშაულებ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, პსჟ-მ ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბაიერნმა“ კი ისტორიაში მეექვსედ შეძლო ამ ტიტულის მოგება.

0.102522