ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდომ ლიონელ მესის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელის განცხადებით, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და კლუბმა მისი წასვლა არ უნდა დაუშვას.
„მესი არის მოთამაშე, რომელზეც მთელი გუნდია ორიენტირებული. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის ადგილზე რომ ვიყო, მას არასდროს გავუშვებდი. შესანიშნავი და ძალიან პროდუქტიული ურთიერთობა აქვს კლუბთან, არმგონია, რომ კლუბი აღარ უყვარდეს.
ჩემპიონთა ლიგაზე 2:8 წაგებამ სიტუაცია გაართულა. ისინი დამნაშავეს ეძებენ და პასუხისმგებელნი არიან დამარცხებაზე. მესის თანაგუნდელების დახმარება სჭირდება, მომავალი სეზონისთვის სხვაგვარად უნდა იფიქრონ, თუ საუკეთესო ფეხბურთელი გუნდს დატოვებს, ეს პრობლემას არ გადაჭრის და გამოსავალი არაა“, - განუცხადა რონალდომ Marca-ს.
შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არგენტინელი შემტევის „კამპ ნოუდან“ შესაძლო წასვლაზე საუბარი ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს.