მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ფრანგული გუნდი სათამაშო სტილით „ბარსელონას“ ჰგავს.
„ბაიერნი“ ეცდება თავისი ფეხბურთი ითამაშოს და საუკეთესო მატჩი ჩაატაროს. ყველა ჩვენგანი მაქსიმუმს თუ გავაკეთებთ, გამარჯვების კარგი შანსი გვექნება. ყველას წინააღმდეგ ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობდით და შედეგი დადებითი იყო, შესაბამისად, სტილს არ შევიცვლით. ვეცდებით ყოველთვის მაღლა დავრჩეთ.
პსჟ-ს თამაში შევისწავლეთ, ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია. ამ თვალსაზრისით ძალიან ჰგავს „ბარსელონას“, „ლიონი“ კი განსხვავებულად თამაშობს. ჩვენი მათი ხაზები უნდა დავხუროთ, არ დავტოვოთ სივრცეები, რადგან ბევრი ჩემპიონი და წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ.
ჟერომ ბოატენგი ჩვენთან ერთად ივარჯიშებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მისი საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ გამოჯანმრთელდება და ძირითადში მოხვდება. პავარს რაც შეეხება, არ ვიცით იქნება თუ არა სასტარტოში. ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ რამდენად კარგად იქნება“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პსჟ-სა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.