ფეხბურთი

13:59 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვატო არველაძე თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ვატო არველაძე თურქეთის საფეხბურთო კლუბ „კარაგუმრუკში“ გადავიდა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ არველაძე ზუსტად 2 თვის წინ თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა მაშინ 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ქართული გუნდი ორი თვის თავზე დატოვა. 22 წლის ფეხბურთელს აქამდე „სასკოში“, 35-ე სკოლაში, „ლოკომოტივსა“ და პოლონურ „კორონაში“ უთამაშია.

რაც შეეხება „კარაგუმრუკს“, ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა და 2020-2021 წლების სეზონს თურქეთის სუპერლიგაში გაატარებს. კლუბმა დღეს ვეტერანი და ცნობილი იტალიელი მეკარე ემილიანო ვივიანო დაიმატა, რომელიც „სამპდორიას“, „ბოლონიას“, „არსენალის“, „სპორტინგისა“ და „ფიორენტინას“ კარს იცავდა. გუნდში ასევე ირიცხება გამოცდილი პოლონელი ფორვარდი არტურ სობიეხი და „დინამო თბილისის“ ექსნახევარმცველი ერიკ საბო.

შეგახსენებთ, თურქეთში არველაძის გარდა, კიდევ ორი ჩვენებური, საბა ლობჟანიძე („ანკარაგიუჯუ“) და ლევან შენგელია („ქონიასფორი“) თამაშობენ.

0.128128