ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე უფრო რეალური ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაა. ეს განცხადება ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტ ვაგნერ რიბეიროს ეკუთვნის.
მისი აზრით, ნეიმარი ფრანგულ კლუბში ბედნიერია, ხოლო პსჟ-ს ნებისმიერი მოთამაშის დამატება შეუძლია, მათ შორის, მესიცაა.
„ნეიმარი პარიზში ბედნიერია და ეს ნათელია. ვფიქრობ, რომ მინიმუმ ორი წელი ისევ პსჟ-ში დარჩება. ეჭვგარეშეა, რომ დღეისთვის მესის პარიზში გადაბარგება უფრო ადვილია, ვიდრე ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება. რატომ უნდა წავიდეს? შესანიშნავ ქალაქში ცხოვრობს, ფრანგული სამზარეულო მოსწონს, დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. ერთი წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ნეიმარი მოწყენილი იყო ხშირი ტრავმების გამო, საშინელი პერიოდი გახლდათ, მართლაც უნდოდა „ბარსელონაში“ დაბრუნება ან „რეალში“ წასვლა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
მესის პსჟ-ში გადასვლას რაც შეეხება, ამ საკითხზე ყოველთვის სერიოზული ვარ. კლუბის ყატარელი მფლობელების ფინანსური რესურსი უზარმაზარია, კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის ყიდვაც შეუძლიათ“, - აღნიშნა რიბეირომ.