კატალონიის „ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანი წარადგინა და ნიდერლანდელმა ახალ ამპლუაში პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. კუმანის განცხადებით, მისი მიზანია „ბარსელონას“ ძველი დიდება დაუბრუნოს და ამის გაკეთებას ლიონელ მესისთან ერთად აპირებს.
„ბედნიერი და ამაყი ვარ. „ბარსა“ ჩემი სახლია და მაქვს შესაძლებლობა დიდი გუნდის მწვრთნელი ვიყო. აქ მწვრთნელობა ადვილი არაა, მაგრამ ბევრი ხარისხი და ტიტულებისკენ სწრაფვის დიდი სურვილია. ახლა ბევრი ცვლილებაა საჭირო, რადგან „ბაიერნთან“ ნაჩვენები იმიჯი არ არის ის, რაც გვინდა. მინდა, რომ „ბარსას“ პრესტიჟი დავუბრუნო და მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ვაქციო.
მესი? არ ვიცი, უნდა დავარწმუნო თუ არა მე დარჩენაში, მაგრამ ვიცი, რომ ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემს გუნდში იყოს. აღფრთოვანებული ვარ, რომ მასთან მუშაობა მომიწევს, რადგან მას თამაშების მოგება შეუძლია. „ბარსელონას“ ფეხბურთელია, კლუბთან კონტრაქტი აქვს და ჩვენი კაპიტანია. ცხადია, რომ მასთან უნდა ვილაპარაკო, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
არ მიყვარს ინდივიდუალურად მოთამაშეებზე საუბარი. დღეიდან უბრალოდ უნდა ვიფიქროთ კლუბისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებაზე და ძლიერი გუნდის შექმნაზე. თუ გადაწყვეტილებების მიღება საჭირო იქნება, მივიღებთ. 33 წლის ფეხბურთელის კარიერა დასრულებული არაა. ასაკზე მეტი მნიშვნელობა მოტივაციას აქვს. მინდა მხოლოდ ისეთ ხალხთან მუშაობა, რომლებსაც აქ დარჩენა უნდათ და „ბარსასთვის“ მაქსიმუმს გააკეთებენ.
დე იონგი? ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის აქ ადაპტაცია ყოველთვის რთულია. მან ბევრი თამაში ჩაატარა, მაგრამ არ უთამაშია თავის პოზიციაზე. მაქვს ამოცანა, რომ ვიპოვო გზა, სადაც ის თავს კომფორტულად იგრძნობს და საუკეთესოდ წარმოაჩენს თვისებებს.
ჩვენ, ჰოლანდიელებს არ გვეშინია მთავარ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურება. გვჭირდება დიდი ინტენსივობა, რომ ძველ სიმაღლეს დავუბრუნდეთ“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რონალდ კუმანმა „ბარსელონასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი. ასეთი მოკლე ვადით ხელშეკრულების გაფორმება იმითაა განპირობებული, რომ 2021 წლის 15 მარტს, კატალონური გრანდის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კუმანისთვის „ბარსა“ ნაცნობი ადგილია, 1989-1995 წლებში „კამპ ნოუზე“ თამაშობდა, ხოლო 1998-2000 წლებში სამწვრთნელო შტაბში იყო დასაქმებული.