საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პაუზამდე ბოლო მატჩი გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გაიმართა. მასპინძლები ამ სეზონში ჩინებულად ირჯებიან და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს.
თუმცა „დილასთვის“ ყველაფერი კარგად არ დაწყებულა. 22-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა მეკარის მოგერიებულს დაამატა და „ტორპედო“ წინ გავიდა. მაგრამ გორელებმა მალევე გაათანაბრეს. ირაკლი ლექვთაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ნუგზარ სპანდერაშვილმა ზუსტად შეასრულა და გაათანაბრა. პირველ ტაიმში არაფერი შეცლილა, სამაგიეროდ, მეორე ტაიმში შეიცვალა.
სპანდერაშვილმა 58-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. „დილას“ ფორვარდმა ქუთათურთა მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მე-4 კომპენსირებულ წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა დააფიქსირა - 3:1.
„დილამ“ 19 ქულას მოუყარა თავი და მეორე-მეოთხე ადგილებს „დინამო თბილისთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად იყოფს, ხოლო ლიდერ „დინამო ბათუმს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება. „ტორპედოს“ ჯერჯერობით მხოლოდ 9 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა.
„დილა“ – „ტორპედო“ 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 ივანიშვილი (22), 1:1 სპანდერაშვილი (26, პენ), 2:1 სპანდერაშვილი (58), 3:1 მარკოზაშვილი (90)