ფეხბურთი

13:11 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "მოედანზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, თამაში 0:0-ზე იწყება და მოედანზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ, გვაქვს შესანიშნავი ატმოსფერო, მაღალი დონის და კარგი ინტენსივობის ვარჯიშები. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი გუნდი მაქსიმალურად მაღალ მიზნებზეა ორიენტირებული. ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდება, რომელიც 0:0-დან იწყება. 90 წუთი ისეთივე ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ბარსელონასთან“ გავაკეთეთ.

ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მზად არიან. ბენჟამენ პავარმა ყველაფერი გააკეთა და მოხარულები ვართ, რომ ის კვლავ ჩვენთანაა. ძირითად შემადგენლობაში მას არ მოვიაზრებ, მაგრამ განაცხადში შეიძლება მოხვდეს. ტოლისოს დიდი ხანი ტრავმა ჰქონდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, რომ ფინალურ ტურნირზე დაგვხმარებოდა. ექიმებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ „ლიონის“ ანალიზი, მაგრამ რაზე ვისაუბრეთ, ამას ცხადია არ გეტყვით.

იმედი მაქვს, „ლიონი“ კარგად გავაანალიზეთ. ისინი თავს კარგად იცავენ, ძალიან კომპაქტურად და უამრავ საქმეს ასრულებენ. შეტევაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, „ლიონისა“ და „ბაიერნის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული ფინალში „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება.

0.112535