ჩოგბურთი

19:40 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას ჰალეპიც გამოტოვებს

აშშ-ის ღია პირველობას, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუმინელი სიმონ ჰალეპიც გამოტოვებს. დაპირებისამებრ, თავისი გადაწყვეტილება მან დღეს გამოაქვეყნა და ამის მიზეზად, კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

ამგვარად, ჰალეპი WTA-ს რეიტინგის მოწინავე ათეულის მეექვსე ჩოგბურთელია, ვინც ნუ იორკში გამგზავრებისგან თავი შეიკავა. მის გარდა, ფლეშინგ მედოუსის კორტებზე არც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი ითამაშებს. მათ გარდა, ამერიკის ღიაზე გამოსვლისგან თავი უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ, კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ, ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა და შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმაც შეიკავეს.

მათგან განსხვავებით, ათეულში მყოფი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, ამერიკელი სოფია კენინი, ამერიკელი სერენა უილიამსი და იაპონელი ნაომი ოსაკა, პანდემიისშემდგომ პირველ დიდი სლემის ტურნირზე იასპარეზებენ.

ჰალეპმ ლვორას პრაღის ტურნირი მოიგო, რაც მის პროფესიონალურ კარიერაში, WTA-ს 21-ე ტიტულია. რუმინელი ამბობს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ჯანმრთელობაა. გარდა ამისა, არსებობს სირთულეები (მათ შორის მთავარი კარანტინია), რომლებიც ამერიკაში გამგზავრებას და იქიდან ევროპაში დაბრუნებას უკავშირდება.

აშშ-ის ღია სტარტს 29 აგვისტოს აიღებს და მასზე არ ითამაშებს ტურნირის შარშანდელი ნახევარფინალის სამი მონაწილე. მათგან ნიუ იორკში თამაში მხოლოდ სერენა უილიამსმა გადაწყვიტა.

მსგავსი სიტუაცია მამაკაცთა ბადეშიცაა. აშშ-ის ღიას ესპანელი რაფაელ ნადალი, შვეიცარიელები, როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა, ასევე ფრანგი გაელ მონფილსი დააკლდებიან. სამაგიეროდ, შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ეცდება. ტურნირზე მისი ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ენდი მარიც იასპარეზებს.

0.116793