სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:12 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში: ორი ფრანგული კლუბი ნახევარფინალში

“მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონთალიგო წყევლა გრძელდება. „ქალაქელები“ ვერც ამჯერად მოხვდნენ ნახევარფინალში, წააგეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე გუნდთან.

გვარდიოლამ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად და „სიტიშიც“ იმიტომ წაიყვანეს, რომ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესიჟულ ტურნირში გაემარჯვა და „სიტი“ გრანდებში ჩაეწერა. არ გამოდის, წლეულსააც ვერ გახდნენ „ქალაქელები“ დიდი გუნდი.

რუდი გარსიამ კი, ლიონელთა მწვრთნელმა, ტაქტიკურადაც აჯობა ოპონენტს. „სიტის“ წინააღმდეგ, თამაშის ერთადერთი სწორი ვარიანტი აირჩია. ლიონელებს არ უბრძოლიათ ბურთის კონტროლისთვის. შესანიშნავად “დაიჭირეს“ თამაშის რითმი და კონტრშეტევებსაც განსწავლულად მიმართავდნენ.

პირველი გოლიც კონტრშეტევას მოჰყვა. „სიტიმ“ მაინც გაათანაბრა, სტერლინგის პასით დე ბრუინმა ერთი შეხებით, ბილიარდის ბურთულასავით „ჩასვა“ სფერო მარჯვენა დაბალ კუთხეში.

მერე კი შეცვლაზე შესული მუსა დემბელეს ჯერი დადგა. მან ჯერ საჯარიმოს ხაზიდან გაუტანა ედერსონს. მერე კი მატჩის ყველაზე დრამატული მომენტი ვიხილეთ, როცა სტერლინგმა ცარიელ კარს გადააცილა ბურთი. 2:2 რომ გამხდარიყო, ვინ იცის, რა მოხდებოდა. მაგრამ უკვე გაცვეთილი წესი ამუშავდა - ვერ გაიტან, გაგიტანენ. ფრანგებმა საპასუხო შეტევა წამოიწყეს და ზუსტდ 59 წამში დემბელემ დუბლი გაიფორმა. 1:3 უკვე განაჩენი იყო.

სასწაულები ხდება. „იუვენტუსუს“ შემდეგ, ლიონელებმა „მანჩესტერ სიტიც“ გამოთიშეს ტურნირს.

ნახევარფინალში ისინი „ბაიერნს“ შეხვდებიან, პსჟ კი „ლაიპციგს.“ ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ამ ეტაპს ორი ფრანგული კლუბი შემორჩა.

მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:3

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“

0:1 კორნე (24), 1:1 დე ბრუინი (69), 1:2, 1:3 დემბელე (79, 87)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, ლაპორტი, გარსია, კანსელუ, ფერნანდინიო (მაჰრეზი 56), გიუნდოგანი, როდრი (დავიდ სილვა 84), დე ბრუინი, ჟეზუსი, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ლიონი: ლოპეში, დენაიერი, მარსელო, დიუბუა (ტეტე 74), მარსალი, აუარი, კაკერე, გიმარაინში(მენდეში 70), კორნე, ტოკო-ეკამბი (რეინ-ადელაიდი 87), დეპაი (დემბელე 75)

მწვრთნელი: რუდი გარსია

მსაჯი: დანი მაკელის

გაფრთხილება: ფერნანდინიო (29), როდრი (58); დიუბუა (12), მარსელო (65)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135996