კალათბურთი

23:24 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი საუკეთესოა, ცსკა-მ მორიგი ჯილდო მოიგო

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ მოსკოვში დასრულებული ალეკსანდრ გომელსკის თასი იოლად მოიგო, ქართველი კალათბურთელი კი ფინალში მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო და შეჯიბრის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში რუსულმა გრანდმა ლიტვური ლიეტუვოს რიტასი 87:70 დაამარცხა და მაშინ მარკოიშვილმა 10 ქულა ჩააგდო. ასეთივე მონაგარი ჰქონდა ქართველ მცველს გადამწყვეტ შეხვედრაშიც, რომელშიც ცსკა-მ ათენის პანათინაიკოსი 75:46 გაანადგურა.

სხვა საქმეა, რომ “მანუმ” აღნიშნულს 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 ჩაჭრაც წაამატა. 27 წუთში (მწვრთნელმა ყველაზე მეტი დრო მას დაუთმო) მარკოიშვილმა 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

შედეგად, მანუჩარის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 14-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ისიც სათქმელია, რომ ქართველის გარდა, “არმიელთაგან” 10-ქულიან ზღვარს ვერავინ უწია, 6 და მეტი ქულა კი, ერთბაშად 9 (!) კალათბურთელმა მიითვალა.

როგორც აღვნიშნეთ, მატჩის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშის პრიზი მარკოიშვილმა ჩაიბარა, საუკეთესო დამცველად ვიტალი ფრიდზონი აღიარეს, საუკეთესო მწვრთნელი კი, რა გასაკვირია და ცსკა-ს ბერძენი დამრიგებელი დიმიტრის იტუდისი გახდა.

ისიც ვთვათ, რომ საჩემპიონო თასი მოსკოვური კლუბის კაპიტანმა ვიკტორ ხრიაპამ აღმართა, რომელმაც გასული ტურნირი, სონი უიმსის და ნანდო დე კოლოს მსგავსად, ტრავმის გამო გამოტოვა.

მარკოიშვილის კლუბს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი 8 ოქტომბერს ისევ შინაურ კედლებში ელის, როდესაც ვთბ-ლიგის ეგიდით, ფინურ “ნილან ბიზონსს” დაუხვდება.

0.127955