ფეხბურთი

14:26 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მზადაა დიბალა სასურველი წინადადების შემთხვევაში გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა პაულო დიბალა გაყიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტის გახანგრძივებაზე ისევ ფიქრობს, მაგრამ პრიორიტეტული მაინც მისი გაყიდვაა.

26 წლის შემტევის ტრანსფერისგან მიღებული თანხა ტურინულ გრანდს პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დასაბრუნებლად სჭირდება, თუმცა „რეალთან" ფულისა და ბარტერის ვარიანტიც განიხილება. სავარაუდოდ ბარტერში ჩართულ ფეხბურთელებად ისკო ან მარკო ასენსიო მოიაზრებიან. გარდა ამისა, ტურინული გაზეთი არგენტინელის "მანჩესტერ სიტიშიც" გასხვისებას არ გამორიცხავს.

პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაურიციო სარის გუნდში ყოფნის დროს კი მისი გახანგრძლივება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას, მაგრამ ახლა დიბალა "იუვესთვის" ხელშეუხებელი ფიგურა აღარ არის. შეგახსენებთ, რომ პაულომ მიმდინარე სეზონში იუვეს მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 46 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, ხოლო 2015 წლიდან მის ანგარიშზე 288 მატჩში გატანილი 95 გოლია.

აქვე გეტყვვით, რომ გუნდი უკვე დატოვა ბლეზ მატუიდიმ, აქტიურად იწერება გონსალო იგუაინისა და სამი ხედირას წასვლაზე, ცოტა ხნის წინ კი კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზეც გავრცელდა ინფორმაცია.

0.121891