ცნობილი ფრანგი სპეციალისტი რაიმონ დომენეკი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც „პარი სენ ჟერმენსა“ და „ატალანტას“ შორის გაიმართა, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
68 წლის დომენეკმა იტალიური გუნდი და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი გააკრიტიკა, პსჟ-სადმი საქებარი სიტყვები კი არ დაიშურა.
“ყოჩაღ პსჟ-ს ამ ლამაზი ემოციებისთვის. ასევე მადლობა გასპერინის მატჩში განხორციელებული შეცვლებისთვის. ეს იმას ცხადყოფს, რომ იტალიელი სპეციალისტების დიდი ტაქტიკოსობა მხოლოდ ლეგენდაა. რაც შეეხება ტუხელს, ის უფრო წარმატებული იყო, - დაწერა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ დომენეკმა სამწვრთნელო კარიერა 1984 წელს „მიულუზში“ დაიწყო, ფრანგული კლუბის გარდა მას „ლიონში“, საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში უმუშავია. "მამლების" თავკაცის რანგში ის 2006 წელს იტალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.