ფეხბურთი

16:43 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი პირლოს განკარგულებაში სეზონის საწყის ეტაპზე არ იქნება

„იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი დამდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს. 20 წლის ნიდერლანდელი (ხვალ 21 წლის ხდება) იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე კვირაში მხარზე ოპერაციას გაიკეთებს.

ამის გამო დე ლიხტი Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, 3 თვე იუქმებს და მოედანზე მხოლოდ ნოემბერში დაბრუნდება. შესაბამისად მატიასი ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს განკარგულებაში მისი კარიერის პირველ ეტაპზე არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ დე ლიხტს მხარი გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული აწუხებდა, როდესაც „ატალანტასთან“ მატჩში დაშავდა, თუმცა სეზონის ბოლომდე გამაყუჩებლებით ითამაშა, რადგან ტურინელებს ორი ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი მძიმედ ჰყავდათ დაშავებული.

მატიას დე ლიხტმა „იუვენტუსში“ გატარებულ სადებიუტო სეზონში 39 თამაშში 4 გოლი გაიტანა. სეზონის საწყის ნაწილში მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეულ ფიგურად იქცა.

0.113315