საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში „დინამო თბილისმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს გორის „დილასთან“ ერთად ლიდერობს.
კახა ჩხეტიანის გუნდმა საჩხერის „ჩიხურა“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. შედეგად, „დინამომ“ 15 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „დილას“ აქვს, მაგრამ გორელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ქუთაისის „ტორპედომ“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. იმერლებმა თბილისში, „ლოკომოტივს“ 2:1 აჯობეს. გიორგი ფანცულაიამ პირველი ტაიმის მიწურულს იხეირა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკა ქაფიანიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ულად-ომარ იმრანის გოლით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ მოახერხეს. „ლოკომოტივს“ უკვე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, ხოლო „ტორპედომ“ სეზონში მეორედ იმარჯვა და მდგომარეობა გამოიკეთა.
„დინამო თბილისი“ – „ჩიხურა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კუხიანიძე (68)
„ლოკომოტივი“ – „ტორპედო“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ფანცულაია (45), 0:2 ქაფიანიძე (53), 1:2 იმრანი (57)