ფეხბურთი

23:39 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "აგრესიულობა დავკარგეთ"

ტურინის "იუვენტუსს" "უდინეზესთან" შეხვედრაში გამარჯვება სჭირდებოდა და სამი ტურით ადრე ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა მაურიციო სარის გუნდმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მეხუთე შეხვედრა წააგო და "ბიანკონერის" ზედიზედ მეცხრე სკუდეტო მომდევნო ტურებისთვის გადაიდო.

თავად იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა "მობილიზაცია დაკარგა და ფორმა" დაკარგა და იძულებითი შესვენების შემდეგ "იუვენტუსის" "მატჩები უცნაურია". განახლებული ჩემპიონატის შემდეგ სერია A-ში "იუვემ" ცხრა მატჩი გაართა საიდანაც ხუთი მოიგო. "უდინეზესთან" შეხვედრაში გუნდმა გოლი მატჩის მიერ დამატებულ დროში გაუშვა.

"გოლი ბოლოს გავუშვით, რადგან მობილიზაცია და ფორმა დავკარგეთ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ხოლო მას შემდეგ რაც გაგვითანაბრეს გამარჯვება გვინდოდა ყველაფრის ფასად, ამის გამო არეული თამაში გამოგვივიდა და საბოლოოდ დავმარცხდით. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და ყველაზე სახიფათო გზით შევეცადეთ ამის გაკეთებას და დავმარცხდით ბოლო წუთზე." - განუცხადა Sky Sport Italia-ს სარიმ.

იმ შემთხვევაში თუ "ატალანტა" "მილანს" 36-ე ტურში სტუმრად დაამარცხებს, "იუვენტუსთან" ჩამორჩენა სამი ქულა გახდება, თუმცა "იუვენტუსს" ერთი გამარჯვება უნდა და სარი პირველად მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს. იტალიელი სპეციალისტი კორონავირუსის გამო გამოწვეული იძულებითი შესვენების გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გუნდმა აგრესიულობა დაკარგა.

"რთულია ამ დროს ბალანსი დაიჭირო, სხვა გუნდის ფეხბურთელებიც დაღლილები არიან და ჩვენც აღარ ვართ აგრესიულები ამის გამო. მჯერა, რომ ორგანიზება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აგრესიულობა ამ პერიოდში. მენტალურ მხარეს უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება ვიდრე ფიზიკურს და ეს ასპექტი გამოჩნდა დღევანდელ წაგებაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ აღნიშნული მარცხით და შევეცადოთ ჩვენი ფორმა შევინარჩუნოთ." - აღნიშნა სარიმ.

მაურიციოს გუნდმა მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრაში უკვე 38 გოლი გაუშვა, რაც წინა სეზონებისგან განსხვავებით ბევრია. იტალიელმა განაცხადა, რომ გუნდს მთელი სეზონი არ ყავდა ჯორჯო კიელინი, რომელიც დაცვის ხაზისთვის დიდი ძალაა.

"ჩვენი კარის მიმართულებით აგრეთვე 12 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ძალიან ბევრია დიდი გუნდისთვის. ჯორჯო კიელინი პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოგვეთიშა და ხალხი ვერ ათვითცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ძალა დაგვაკლდა. ლეონარდო ბონუჩიც დისკვალიფიცირებულია, ხოლო მირალემ პიანიჩს მცირე პრობლემები აქვს. იგუანიც გვაკლია, რომლის სათამაშო ხარისხი სასარგებლო იქნებოდა ყრუ დაცვით მოთამაშე გუნდებთან" - თქვა სარიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, "იუვენტუსის" გაჩემპიონებას სავარაუდოდ საფრთხე არ ემუქრება. "ბიანკონერი" მომდევნო ტურში "სამპდორიას" შეხვდება, რომელსაც სერია A-დან გავარდნა არ ემუქრება და ვერც ევროტურნირებზე აქვს პრეტენზია. გენუელების და ტურინელების დაპირისპირება 26 ივლისს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და დიდი ალბათობით "იუვენტუსი" კიდევ ერთხელ გახდება ჩემპიონი, ხოლო მაურიციო სარი ნანატრ ტიტულს მოიპოვებს.

0.113917