ჯანო ანანიძეს ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, ახალ გუნდში გადასთვლას უსასყიდლოდ შეძლებს. თუმცა, ჯერჯერობით მისი მომავალი უცნობია.
ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ კი რუსულ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართველი სასურველ შემოთავაზებებს ელოდება.
„ანორთოსისთან“ ჯანოს კონტრაქტი დასრულდა. ახლა წინადადებებს ელოდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა და კარგადაა“, - თქვა ლეპსაიამ.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე რუსეთში „სპარტაკის“, „როსტოვისა“ და „კრილია სოვეტოვის“ ფეხბურთელი იყო. იანვარში „ანორთოსისში“ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და თემურ ქეცბაიას გუნდი დატოვა. ერთი ხანობა 27 წლის ჩვენებურს „დინამო თბილისს“, „დინამო ბათუმსა“ და „როტორს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მის ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.