გია ცეცაძე უკრაინაში მოუგებლად მუშაობს. ზედიზედ ორი ფრის შემდეგ ქართველი მწვრთნელის დამოძღვრილი „ლვოვი“ სტუმრად „დნიპრო 1“-თან 2:3 დამარცხდა.
არადა, ცეცაძის შეგირდები 25-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, 83-ე წუთამდე 2:1 იყო ანგარიში, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდნენ. ნამატჩევს ცეცაძემ კომენტარი გააკეთა:
„დნიპრო 1“ კარგი გუნდია, ისინი არ დანებდნენ, ფეხბურთი ითამაშეს და მიიღეს შედეგი, რაც სურდათ. ფეხბურთს ყველა მოსაგებად თამაშობს, ჩვენც გვინდოდა მოგება. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელს მოტივირება არ სჭირდებათ, მათ სურთ გაიმარჯვონ, მაგრამ ასევე მეტოქესაც. თუ მოწინააღმდეგე უკეთ ითამაშებს, ვერ მოიგებ, თუმცა ისე თუ ვითამაშებთ, როგორც საწყის 25 წუთში, მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - თქვა ცეცაძემ.
„ლვოვი“ უკრაინის ჩემპიონატში 24 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფება.