გორის „დილა“ სეზონის რესტარტს და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონს დიდებულ ფორმაში შეხვდა.
შიდა ქართლელები ხუთი ტურის თავზე ლიდერები და დაუმარცხებლები არიან. „დილამ“ ამჯერად თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და ცალსახად დაჯაბნა. მართალია, გორელებმა მეტოქის გატეხვას თითქმის ერთი საათი მოანდომეს, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ჩემპიონატის დებიუტანტს შანსი არ დაუტოვეს.
ბრწყინვალე ფორმაში მიკოლა კოვტალიუკი. უკრაინელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში დუბლი შეასრულა და უკვე ნათელია, რომ ბომბარდირობისთვის ბრძოლას აპირებს. კოვტალიუკმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე საბოლოო შედეგი პენალტით დააფიქსირა. მის გარდა, გაგნიძემ და ლექვთაძემ დალაშქრეს სტუმართა კარი.
„დილამ“ 11 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ 3 ქულით გაუსწრო, რომელიც ტურის დასკვნით შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოსთან“ კვირას ჩაატარებს. „მერანი“ კი ჯერაც მოუგებელია - საწყისი სამი ფრის შემდეგ ზედიზედ ორი მარცხი და ბოლოსწინა პოზიცია სატურნირო ცხრილში.
„დილა“ – „მერანი“ 4:0 (0:0)
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (58), 2:0 გაგნიძე (64), 3:0 ლექვთაძე (74), 4:0 კოვტალიუკი (85, პენ)